სოფელი ოშორა

ოშორა — სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, იდუმალის თემში.[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 37 კილომეტრით.

ისტორია

ვახუშტი ახსენებს ოშორის ჴევს და ზემო ოშორას: „კვლად მტკვარს მოერთვის, წითელკლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის-ჴევი… ამ ჴევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუნბათიანი…“[2] ოშორის თემი აერთიანებდა ქვემო ოშორას, ზემო ოშორას და ყამზას. „ასპინძიდან ორიოდ ვერსის სავალზედ იდუმალაა, ხოლო იდუმალის მარჯვნივ ერთს მივარდნილს, მიმალულს ადგილას არის ხეობა, რომელშიც ორი სოფელია ქვემო და ზემო ოშორა“ [3] ექ. თაყაიშვილი შემდეგ ცნობებს გვაწვდის სოფლის შესახებ: „ზევით ოშორისწყლის ვიწრო ხეობაში მდებარეობს ზემო ოშორა, ქვემო ოშორა მდებარეობს ოშორისწყლის ნაპირას, რომელიც მტკვრის მარჯვენა შენაკადია“.

ოშორის ეკლესია

ოშორის ეკლესია. ეკლესიის მინიატურული გეგმა
სოფელში შემონახულია XIV საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მცირე ბაზილიკური ეკლესია. ეკლესია ბოლო წლებში საკმაოდ დაზიანებული იყო. ეკლესია აღდგა 2009 წელს. ინტერიერი მოხატული იყო. ფრესკის დეტალები შემონახულია ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში შემონახულია წარწერა, საიდანაც ცნობილი ხდება ეკლესიის აშენების დეტალები. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გამოხატულია ბოლნური ჯვარი.

ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმელის თავზე შეიმჩნევა მარტივი მინიატურული გამოსახულება, სადაც სავარაუდოდ გამოხატულნი არიან ეკლესიის მაშენებელნი. სარკმელის თავზე შეიმჩნევა ასევე მარტივი ბარელიეფური გამოსახულება.

ეკლესიის სამხრეთ კედელზე იკითხება შემდეგი წარწერა: „დედაო ღმრთისაო, შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი მე დედოფალ ყოფილმან ეფროსინე და მივეც შამანგულის ძესა ბასილს და მისსა შვილსა ილარიონსა, და დვირელთაგან ნასყიდი სახლი ავაგე ზედა. და ამისსავე სამსახურისათვის გავეც ოქროჲ აწყურს და ყოველგან რომე ცჳლი მოიკრიფებოდეს და არა დაილეოდეს არა დღე და არა ღამე ამათითა ხელითა და კრულია და ვსწყევლი დიდისა ღმრთისა მადლითა…“

საინტერესოა, რომ ექ. თაყაიშვილისეულ ვერსიაში არსებობს წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელების განსხვავებული ვერსიები: „… მე იუდიფ ყოფილმან ეფროსინე…“, ან კიდევ „… და მისა შვილსა ფირანს…“

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელის ზემოთ წარწერაში მოხსენიებულია სავარაუდოდ ქტიტორი ისაკი – „ქრისტე შეიწყალე ისაკაჲ ამენ“.