სოფელი ძველი

ძველი (ყოფილი: ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭობარეთი).[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა.

სახელწოდების ეტიმოლოგია

სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. პირველის მიხედვით, სახელწოდება „ზველი“, გამომდინარეობს სიტყვა „ძველი“-დან, იქ არსებული ძველი ეკლესიისა და სამოსახლოს ნიშნად, ხოლო მეორე ვერსია, ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს „ზედა ველის“ შეკვეცილ ვარიანტს[2].

მატერიალური-კულტურის ძეგლები

სოფელში შემორჩენილია X საუკუნის ორნავიანი ეკლესია — ზველის წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფლის მახლობლად რამდენიმე წყაროა: წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით გამეჩხრებულ ტყეში ეკლესიიდან დაახლოებით 2 კმ-ში „თეთრა წყაროსაგან“ მოშორებით მოედინება „მონათული წყარო“. წყარო აღმოსავლეთიდან გამოედინება და იქვე ბუნებრივ წყლის შემკრებ მცირე აუზში გროვდება. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დიდი ზომის ქვები აქვს შემოზღვრული.

არქოლოგიური აღმოჩენა

2019 წელს სოფელ ძველში, გორა-ნამოსახლარ რაბათზე საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა, ეროვნული მუზეუმის განმარტებით, კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები. აქვეა აღმოჩენილი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტუალო ჭურჭელი. სპეციალისტების განმარტებით, ეს აღმოჩენები მიუთითებენ იმაზე, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი. რაბათის გორა-ნამოსახლარზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით[3].