შოთაობა-2025
25 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული – შოთაობა-2025″ გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ასპინძაში სამკუთხა პარკში მდებარე და სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ,,საპატიო ასპინძელის” წოდება მიენიჭათ – წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მათე (ლაშა ვაშაყმაძეს) , ასპინძის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაია სუარიძეს, ააიპ ასპინძის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელს პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე მეეზოვეს მალხაზ კენჭოშვილს.
სახალხო ზეიმზე, მუნიციპალიტეტში 2025 წლის ახალ დაქორწინებული წყვილები ტრადიციულად ,,ვეფხისტყაოსნით’’ დაასაჩუქრეს.
პოეზიის სახალხო დღესასწაულზე ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია (1500 ლარი) მაია მინდელ-ბენაშვილს გადეცა.
მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედებითი პატივი მიაგეს პოეზიის უდიდეს გენიას შოთა რუსთაველს.
ღონისძიების პარალელურად, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში მოეწყო. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს დაწესებული სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეთნოგრაფიულ კუთხეში, სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მესხურ ტრადიციებს გასცნობოდნენ.
საზეიმო კონცერტში მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, კვარტეტი ,,რანინა’’ მონაწილეობდა.
სოფელ რუსთავში „პოეზიის დღესასწაული- შოთაობა’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.







