ასპინძის ისტორია


ასპინძა ძველ ქართულ წყაროებში 888 წლიდან იხსენიება. “გურჯისტანის ვილიაიეთის დიდი დავთრის” შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. სახელი ქართულში სპარსულიდან შემოვიდა და დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს ნიშნავს. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით ასპინძა დიდი სოფელია და მეორე საფოსტო სადგურია ახალციხიდან ახალქალაქამდე.

რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა ბასიანის ბრძოლაში სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიან ლაშქარს.

XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანა იყო. ვარძიას თვით უხდებოდა თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენი გახდა საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გასაერთიანებლად წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში. ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.

ასპინძა მე–16 საუკუნის ბოლოს თურქებმა დაიპყრეს. 1625 წელს გიორგი სააკაძემ ასპინძასთან ყიზილბაშთა ლაშქარი დაამარცხა. 1770 წელს ქართველთა ჯარმა ერეკლე II-ის სარდლობით თურქ–ლეკთა შეერთებულ ლაშქარს სძლია. ბრძოლა ისტორიაში ასპინძის ბრძოლის სახელით შევიდა.

1829 წ. ანდრიაპოლის საზავო ხელშეკრულებით ასპინძა ისტორიულ სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1917 წლამდე ასპინძის რაიონი ტფილისის გუბერნიაში, ახალციხის მაზრაში შედიოდა ტოლოშის რაიონის სახელწოდებით. 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ისევ ტოლოშის რაიონშია. 1933 წლის 27 ოქტომბერს ტოლოშის რაიონს ასპინძის რაიონი ეწოდა.