ჰიდროგრაფია

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი (სიგრძე 1364 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ2). რაიონის ტერიტორიაზე მისი შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვა. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს წუნდის ტბა.

მტკვარი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა. გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი მთავრდება. ივლის-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგარი წყალმცირობა. გამოიყენება სარწყავად და ჰესებისათვის.

მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს.

ფარავანი – მდინარე იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ერთვის მდ. მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ2, ჩაედინება მდინარე მტკვარში. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ³/წმ. გამოიყენება სარწყავად და ჰესებისათვის.

ოთა – მდინარე თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2565 მ, სიგრძე 21,1 კმ, აუზის ფართობი 76,1 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,14 მ³/წმ.

ოშორა – მდინარე თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2415 მ-ზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 71,5 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,07 მ3/წმ.