სოფელი დამალა
დამალა, ტამალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36 კილომეტრით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის №671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია (განახლდა და კვლავ მოქმედი გახდა 2008 წელს). სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი დამალის ეკლესია.