ასპინძის მუნიციპალიტეტის ისტორიულ, არქიტექტურული და კულტურული ძეგლები
ასპინძა — დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის და თემის ცენტრი, საერთო ფართობი 828 კმ2. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალი ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ.
სახელი ,,ასპინძა“ სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:
„იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“
XVI ს-ის ბოლოს დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ამ დროს “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. “სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში” ასპინძა მოხსენიებულია: “ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას…” ვახუშტის მიხედვით: “ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.
1625 წელს ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, სადაც გიორგი სააკაძემ დაამარცხა ყიზილბაშები. 1770 წლის ,,ასპინძის ბრძოლაში’’ ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ლაშქარი.
1829 წ. ანდრიაპოლის საზავო ხელშეკრულებით ასპინძა ისტორიულ სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელი და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო. 1917 წლამდე ასპინძა, ტფილისის გუბერნიაში, ახალციხის მაზრაში შედიოდა ტოლოშის რაიონის სახელწოდებით. 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ისევ ტოლოშის რაიონშია. 1933 წლის 27 ოქტომბერს ტოლოშის რაიონს ასპინძის რაიონი ეწოდა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, მთაგორიანი რელიეფის გამო მოსახლეობა განლაგებულია ზღვის დონიდან 900-1700 მ. სიმაღლეზე, ამჟამად დ. ასპინძაში და მის სოფლებში ცხობრობს როგორც ადგილობრივი, 1944 წელს იმერეთიდან, მთიულეთიდან და აჭარიდან გადმოსახლებული მოსახლეობა.
ასპინძაში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°с, აგვისტოში 20,3°с; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4°с. აბსოლუტური მინიმუმი -29°с, აბსოლუტური მაქსიმუმი 39°с.
ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42с) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).
ასპინძის ციხე
ციხე მდებარეობს დ. ასპინძაში ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, დგას შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე, თარიღდება X საუკუნით, შედგება გალავნისა და ორი კოშკისაგან, ნაგებია უხეშად თლილი შავი ბაზალტით, ციხის ჩრდილოეთის მხარე ერთი კოშკით და ორი გალავნით იყო გამაგრებული. შესასვლელი კარი აღმოსავლეთის კოშკზეა. აქვეა გალავნის საძირკვლის ნანგრვი სავარაუდოდ აღმოსავლეთის მხარეც დამატებით მესამე გალავნით იყო გამაგრებული. ციხის ქვეშ არის სამალავი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები, სანამ ციხე თავის მნიშვნელობას დაკარგავდა, გალავნის გარეთ სამხრეთით ციხეს მიშენებული ჰქონდა საცხოვრებელი ნაგებობები, ამას მათი ნანგრევები მოწმობს. აღმოსავლეთ კოშკის ქვემოთ კლდის ძირში მოსჩანს კლდეში შემავალი გვირაბი, რაც ასევე ჩრდილოეთით ასპინძის ხევის წყალზე ჩადის, ამჟად ჩანგრეულია. ციხე ჯავახეთიდან სამცხეში, სამცხიდან ერუშეთში და თორში მიმავალ გზებს აკონტროლებდა. ციხეს მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ნაწილობრივ ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
ასპინძის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
დარბაზული ეკლესია მდებარეობს საჯარო სკოლის გვერდით (10 X 6 მ.) ძეგლი გვიანი შუა საუკუნეების არიტექტურას მიეკუთვნება, ნაგებობის მხოლოდ მესამედი იყო შემორჩენილი. ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტის ქვისაგან, ფასადი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული, გადახურული ყოფილა ლორფინით, ამჟამად შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს . სამხრეთით შეიმჩნევა მინაშენის ნანგრევი. ძეგლის ძირითადი აღდგენითი სამუშაოები 2003 წელს დაიწყო და დასრულდა 2011 წელს, გადაიხურა კრამიტით, ეკლესია ამჟამად მოქმედია.
,,ხვილიშის’’ ეკლესია
,, წმ. გიორგის’’ სახელობის ეკლესია მდებარეობს დაბა ასპინძაში, ისტორიულ სოფ. ,,ხვილიშის“ ტერიტორიაზე, თარიღდება VII ს-ით. ნაგებობა ერთნავიანი დარბაზულია, ნაგებია უხეშად თლილი ქვისაგან. სუფთად თლილი ქვა გამოყენებულია კარ სარკმელებსა, კამარა სვეტებსა და პილასტრებში. შესასვლელი კარი სამხრეთიდან და დასვლეთიდან აქვს. სამხრეთის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: ,,ქრისტე შეიწყალე თეოდოტი’’. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხეთიდან აქვს ეკვდერები. გადახურული ყოფილა ლორფინით, შესასვლელი კარი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს.
ძეგლის აღადგენა დაიწყო 1975 წელს და დასრულდა – 90 წლებში. 2010 -16 წლებში ეკლესიის გარეშემო ღობე შემოავლეს ბაზალტის ქვით, ეკლესია ამჟამად მოქმედია.
ხიდის ბურჯი
ხიდის ბურჯის ნანგრევი მდებარეობს დ. ასპინძაში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, იქ სადაც მტკვარს ერთვის ,,ვარნეთის ხევი’’. ისტორიულად ამ ხიდზე გადიოდა „აბრეშუმის გზა“ ტაო-კლაჯეთისაკენ. 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-ემ 3000-იანი ლაშქარით დაამარცხა თურქთა და ლეკთა კოალიციური 8000-იანი ჯარი. ამ ბრძოლის დროს ერეკლე მეფის ბრძანებით ხიდი აჰყარეს, რამაც დიდი როლი ითამაშა ქართველების გამარჯვებაში. დღესაც ამ ხიდს ,,ერეკლეს ნახიდარს’’ უწოდებენ.
„ჩიხორიშის“ ეკლესია
ასპინძიდან ვარძიის მიმართულებით 2კმ-ის მოშორებით მდინარე მტკვრის მარჯვნვ პატარა ვიწრო ,,ობოლეთის” წყლის ხეობაში ჩიხორიშის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, რომელიც სამი ეკლესიით და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთებითაა წარმოდგენილი. დიდი ეკლესის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი, თარიღდება X საუკუნით, მცირე ზომის ეკლესიები, მთლიანად არის დანგრეული, შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედელის ნაწილები.
იგი ერთნავიანი დიდპილასტრებიანი და კედლის თაღებიანი დარბაზული ტაძარია ეკლესიას დასავლეთის ფასადი მთლიანად, ხოლო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების ნახევარი ჩამონგრეული აქვს. სარკმელები მორღვეულია, კარნიზი მოჩუქურთმებულია.
ოთის ციხე
ოთის ციხე მდებარეობს სოფლის შუაგულში, მაღალ გორაკზე, ძეგლი განვითარებული შუა საუკუნეებისაა, გალავანი სიგრძით 60 და სიგანით 30 მეტრია, ოდნავ ოვალური ფორმისაა და წაგრძელელბულია სამხრეთიან ჩრდილოეთისკენ. გალავანი და ციხის სამი კოშკი ძალზედ დანგრეულია (ხელოვნურად), წინათ აქ მცხოვრები მაჰმადიანების მიერ, რომლის მასალაც გამოუყენებიათ სახლების მშენებლობაზე. ჩრდილო დასავლეთით მთავარ ციხეზე
180 მეტრის დაშორებით მდებარეობს ცალკე კოშკის ნანგრევი. როგორც ჩანს გალავნის შუა გულში ნანგრევებში ( საცხოვრებელი დარბაზები) ყოფილა.
XI-XV საუკუნეებში ციხეს ფლობდნენ უგრეხელიძეები (მახლობელ მონასტრის ,,შორეთის’’ მესვეურნი), შემდგომში XVI ს-ის შემდგომ მისი მფლობელები შალიკაშვილები გვევლინებიან. საკათალიკოსო ნუსხაში მოხსენიებულია „ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკაშვილთა აქუას“
აგარის „წმ. გიორგის“ სახელობის დედათა მონასტერი
სოფელ ოთისკენ, ასპინძიდან 5 კმ-ის მანძილზე, მდინარე ოთისწყლის (ასპინძის ხევის) მარცხენა ნაპირზე, მდებარეობს ნასოფლარი ,,აგარა“, პატარა ხევში, რომელსაც ,,ყიზილ დერესს“ უწოდებენ დგას პატარა დარბაზული ერთნავიანი ეკლესია. არქიტექტურული ფორმით VI-VIII სს. ძეგლებს მიეკუთვნება. იგი აგებულია უხეშად თლილი ქვით. მხოლოდ კუთხეებსა, კამარა-სარკმელებსა და პილასტრებშია გამოყენებული თლილი ქვა. ლავგარდნისა (კარნიზებისა) და სარკმლის ქვები მოჩუქურთმებული ყოფილა. მიშენებული აქვს 3 ეკვდერი ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. სამხრეთით ორი თაღი აქვს, რომელიც ერთ სვეტს ეყრდნობა და სტოას ქმნის. აქედანვეა ერთი შესასვლელი ტაძარში, ხოლო მეორე დასავლეთიდან აქვს. ეკლესია მოხატული ყოფილა, საკურთხევლის კონქში და სამხრეთის ეკვდერში ჩანს ფრესკის ნარჩენები.
1595 წელს ,,დიდი ვილაეთის დავთრის’’ აღწერის მიხედვით ,,აგარაში“ 31 კომლი ცხოვრობდა. ეკლესია 1904 წელს უნახავს, ფოტო გადაუღია და აღუწერია ექვთიმე თაყაიშვილს. შემდეგ იგი გიორგი ბოჭორიძეს მოუნახულებია . მას ,,ქილისა დერეს“ უწოდებს. ხოლო 1973 წელს კვლავ აღუწერია ეს დანგრეული ეკლესია და აღსადგენი პრეოექტი შეუდგენია არქიტექტორ თამარ ნემსაძეს. ძეგლი აღადგინეს გასული მეოცე საუკუნის 70 -იან წლებში და გადაიხურა კრამიტით. 2006 წელს ამოქმედდა დედათა მონასტერი – 2009 წელს დაზიანებული კრამიტი შეცვალეს უჟანგავი მუქი წითელი ფერის ლითონით. შემდგომში კეთილმოაწყვეს ძეგლის გარშემო ტერიტორია. ამჟამად ეკლესია დედათა მონასტერია.
,,ვარაზის” – წითელი ციხე
სოფ. ოთის აღმოსავლეთით 8 კმ-ის მოშორებით დაბურულ ტყიან ზოლში, მდ. ოთისწყლის მარცხენა მხარეს, ძნელად მისადგომ კლდოვან ქედზე დგას ფეოდალური ხანის ,,ვარაზის’’ (წითელი) ციხე – სიმაგრე. რაც სავარაუდოდ ,,ვარაზ შალიკაშვილის” აგებული უნდა იყოს, აქედან არის მისი სახელწოდება შემორჩენილი.
ციხე ნაგებია ნატეხი რიყისა და ბაზალტის ქვით. ზურგიანი კოშკი მდებარეობს აღმ-ის მხარეს, ციხეს დასავლეთის მხრის კოშკიდან აქვს ერთი შესასლელი კარი, რომლის ბალავრისა და კუთხის ქვები მორღვეულია. ამ კოშკის ჩრდ-ის კედელის ნახევრი ჩამოშლილია. დას-ით ციხიდან მოშორებით დგას ნახევრად დანგრეული ცილინდრული ფორმის საცეცხლური კოშკი. აღნიშნული ნაგებობის შემორჩენილი კედლებიც დაბზარულია.
ამჟამად ძეგლი საჭიროებს, შესწავლას და გაწმენდით სამუშაოებს, რადგან მისასვლელი ბილიკი საფრთხესს წარმოადგენს ვიზიტორებისთვის. მოსაწესრიგებელია, ასევე ციხის, გალავნზე და გალავნის შიგნით ამოსულია მრავალწლიანი ხეები, ბუჩქოვანი მცენარეები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ძეგლს.
შორეთის მონასტერი
შორეთის მონასტერი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთიდან ჩრდილოეთით 6 კმ-ში, ხოლო ზღვის დონიდან 1686 მ , ოთის წყლის სამხრეთ აღმოსავლეთ ფერდობზე სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით შემოსაზღვრულ მდელოზე მდებარეობს.
შორეთის კომპლექსი წარმოადგენს ქართული არქიტექტურის და კულტურის ერთერთ სანიმუშო შედევრს. კომპლექსი მოიცავს მთავარ დარბაზული ტიპის ეკლესიას (ზომები 14,4*6) და სამრეკლოს. ეკლესია არქიტექტორული სტილიდან გამომდინარე შესაძლებელია VIII-XIV საუკუნით დათარიღდეს. საკმაოდ განვითარებული და დახვეწილია ტაძრის შემკულობა. ეკლესია ორსართულიანია და პირველ სართულზე საძვალე იყო. მას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამრეკლო, რომლის პირველი სართული ტაძრის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს XV საუკუნეში არის აშენებული. მისი მხატვრული გაფორმება, განვითარებულ არქიტექტურის დონეზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანია შორეთის მონასტრის კედლებზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ლაპიდარული (კედელზე შესრულებული) მრავალი საინტერესო წარწერა, რომელიც ისტორიულ ცნობებს შეიცავს. აგრთვე, უმნიშვნელოვანესია აქ არსებული მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც იშვიათია ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში და შემორჩენილია წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთში. შორეთში აღმოჩენილი ახალი წარწერებიდან საყურადღებოა წარწერა: “ძალითა შენითა შეეწიე საბა ნიკოლოზის ძეს ვარაზ–ბაკურ ოთარის“. წარწერა სამხრეთ ფასადზე, მეორე სართულის კარისზედა არქიტრავზეა მოთავსებული, მაგრამ იკითხებოდა მხოლოდ მისი მცირე ნაწილი, რადგან გვიანდელი სამრეკლო ზედ იყო მიშენებული გასულ წელს მოხდა წარწერიანი ქვების ამოღება.
,, ქ(რისტ)ე ძეო ღ(მრთ)ისაო მეოხებითა მშობელსა შენისათა შე……… მიერ…………. მოსახელისა შენისა და წმნიდისა გიორგი და ნიკოლოზისა შეწევნითა.”
სამხრეთის კედელზე დაფიქსირებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც გ.ბოჭორიძემ ასე გაშიფრა: „ქრისტე, ორბისძეს ნიკოლოზს გალატოზთ უხუცესს შეუნდევენ ღმერთმან ამენ“.
რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა. საკუთხევლის კონქში შეიმჩნევა სავარაუდოდ ,,ღვთისმშობლის’’ გამოსახულება. ამჟამად მხატვრობა საკმაოდ დაზიანებულია.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპიანია. 2015 წელს ჩატარდა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის საძირკვლისა და მისი გარკვეული ნაწილების კონსტრუქციული გამაგრებები; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის გამაგრება – კონსერვაცია.
შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც. ამჟამად ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სამომავლოდ მამათა მონასტრისთვის იგეგმება კელიების მშენებლობა.
შორეთის ციხე „ტაიჭა“
შორეთის მონასტერთან ახლოს ჩრდილო-დასავლეთით, შემორჩენილია ციხე-კოშკი და მცირე სამლოცველო, რაც ნახევრად დანგრეულია, ციხე ნაგებია ნატეხი კლდისა და ადგილობრივი ბაზალტის ქვით. შემორჩენილია აღმოსავლეთის და ნაწილობრივ ჩრდილოეთის მხრის ფასადები.
ციხე „კოხტა“
სოფ. ოთის აღმოსავლეთით 4 კმ-ის მოშორებით, მდ. ოთის წყლის მარცხენა მხარეს ტყეში, ,,ვარაზისა და შორეთის“ ციხის შუა ხეობაში ძნელად მისადგომ კლდოვან ქედზე დგას ფეოდალური ხანის ,,კოხტა-ს’’ სახელობის ციხე-სიმაგრე. ციხე ნაგებია ნატეხი კლდექვისა და ადგილობრივი ბაზალტის ქვით. კარგად არის შემორჩენილი მხოლოდ დასავლეთის კედლის მეტი ნაწილი, დანარჩენი მხრის კედლები მხოლოდ მცირედია შემორჩენილი.
,,ღართის’’ ეკლესია
ღართის ტაძარი — მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ ოთიდან 4 კმ -ის მოშორებით. ზღვის დონიდან 1775 მ. ორნავიანი ბაზილიკა აგებულია IX-X სს-ში, ოთისწყლის ხეობაში, ტყეში. ინტერიერი მოხატულია, არის წარწერებიც. ამჟამად, ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, ორეკლესიანი ბაზილიკის, სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტები მიმოფანტულია ტაძრის მიმდებარედ.
ჯაბიეთის ეკლესია
ჯაბიეთის ეკლესია, რომელიც „ბეთლემის“ სახელითაა ცნობილი, იგი მდებარეობს სოფ. ოთიდან 4 კმ-ის მოშორებით,ზღვის დონიდან 1564 მ ე.წ. ნასოფლარ ჯაბიეთის ხევში. ძეგლი არქიტექტურული ფორმით განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, იგი ორნავიანი და ორსართულიანი დარბაზული ტაძარია (7.20X4.20მ.) ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი ქვიშაქვით, პერანგი მოპირკეთებულია თლილი ბაზალტის ქვით. აღმოსავლეთის კედლად კლდეა გამოყენებული.. ჩრდილოეთის ტრაპეზის დასავლეთით მიშენებულია მცირე ზომის ეკვდერი. ჩრდილოეთის ნავი ამოვსებულია ნანგრევებით და მთავარი ნავის კამარა ჩამონგრეულია. დაზიანებულია ეკვდერის სახურავი. ნახევრად მორღვეულია სამხრეთის კედელი. ძეგლი ამჟამად შესწავლილია არქიტექტურული თვალსაზრისით. დასავლეთით ფასდზე, შემორჩენილია სამრეკლოს ნანგრევები. შესასვლელ კარში და კედელზე შემონახულია ფრესკის ფრაგმენტები. ძეგლის კედლებზე, შიდა და გარე ტერიტორიაზე ამოსულია ხე-მცენარეები რომლებიც საფრთხეს უქმნის ძეგლს. ძეგლი საჭიროებს რეაბილიტაციას.
„კოხტას“ ციხე
მე-13 – მე-18 საუკუნეების ციხე მდებარეობს ასპინძის რაიონში, სოფ. დამალას განაპირას, მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადის კოხტასხევის ხეობაში, ბარალეთის პლატოზე. ციხემდე ასფალტის გზა მიდის.
ციხე კლდოვან მთაზე დგას და მისი ზედაპირი განსაზღვრავს ციხის ფორმასაც. ის მართკუთხედია. ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ადგილობრივი ქვით. კედლების სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, სისქე კი საშუალოდ 1,5 მეტრია. 4 მეტრის სიმაღლეზე კედლებს 25 სმ-იანი სასიარულო არე შემოსდევს. ციტადელს სამი ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს ჩაშენებული. მათგან ორი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში იყო გამართული (სამხრეთის აღარ არსებობს), ერთი კი, ყველაზე დიდი, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს წარმოადგენს. ციტადელის კედლებში, გარდა აღმოსავლეთის კედლისა, დატანებულია სხვადასხვა ზომის სარკმლები, რომელთაგან ნაწილი შემდეგ გაუფართოებიათ იარაღისთვის გამოსადეგობის გამო. ციხეში შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. მისი სიგანე -1 ,ხოლო სიმაღლე-2,1 მეტრია.
1952 წლისთვის, როცა ციხე ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად სრულად იყო შემორჩენილი, ციტადელის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთის მხარეს აგებული იყო ოთხსართულიანი კვადრატული ფორმის კოშკი, ხოლო სამხრეთით მასზე მიდგმული გახლდათ ორსართულიანი ნაგებობა. კოშკის კედლების სისქე სიმაღლის მატებასთან ერთად 2,3 მეტრიდან 1,9 მეტრამდე მცირდებოდა, შესაბამისად, კოშკის სართულების შიდა სივრცეები სიმაღლესთან ერთად მატულობდა. პირველი სართულის სიმაღლე 3,8 მეტრი იყო, მეორესი – 2,7მ, მესამესი – 3,4მ. რაც შეეხება მეოთხე სართულს, მისი სიმაღლე 6,2 მეტრს აღწევდა და ამდენად, ყველაზე მაღალი და ყველაზე ფართო იყო სართულებს შორის. კოხტას ციხის ამ ერთადერთ კოშკს საცხოვრებელი დანიშნულება ქონდა. კოშკის პირველი სართული ყრუა – უკარო და უსარკმლო. კოშკს შესასვლელი მეოთხე სართულზე ქონია, სართულშორისი გადახურვა კი ხის ძელების ყოფილა.
რაც შეეხება ციხის მეორე ნაგებობას, ისიც კვადრატს უახლოვდება. კ. მელითაურის განსაზღვრებით ის ორსართულიანი ტაძარი-სამლოცველო უნდა ყოფილიყო. რომლის მეორე სართულზე მოხვედრა, ციხის კედელზე მიდგმული მცირე ტერასიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. პირველი სართულის სამლოცველოს კარი დასავლეთ მხარეს აქვს დატანებული.
ციტადელის ეზოში ქვევრებია ჩაყრილი.
ციხეს გარშემო უყვებოდა გალავანი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ საძირკვლის დონეზე დარღვეული ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ციტადელის დასავლეთით 20 მეტრზე დგას ციხის თანადროული ეკლესია (4.55×10 მ). ნაგებია ქვითა და დუღაბით. ქონია დამუშავებული ქვის ფილების პერანგი, რომლისგანაც დღეს აღარაფერია შემორჩენილი. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა. სამხრეთ-დასავლეთის მხარეს იდგა სამსაფეხურიან ცოკოლზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე კი მიწაში იყო შემჯდარი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. შუა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა, გვერდის საფეხურებს კი – კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ეკვრის. ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებს აღმოსავლეთის კედლის ღერძზე თითო სარკმელი აქვთ. დასავლეთის მინაშენში კარი დასავლეთის კედელშია გაჭრილი, ხოლო სამხრეთის მინაშენში შესასვლელად ორმალიანი თაღია გამოყენებული.
ისტორიული ციხე სიმაგრე სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე, წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნის ჟამთაღწერებში. საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს აქ შეიკრიბნენ ქართველი მთავრები და აჯანყებისათვის შეითქვნენ 1245-1246 წლებში. შეთქმულებაში მონაწილეობას იღებდნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი და სხვ. მათი მიზანი დიდი ანტიმონღოლური აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს ქვეყანა. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ–ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი. მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ჟამთააღმწერელი გვაუწყებს, რომ „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი თავისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“– მოახსენეს მონღოლებმა ნოინს. ცოტნემ მონღოლებს მოახსენა, რომ თუ ისინი უდანაშაულოებს ესე სასტიკად სჯიდნენ, მაშინ თავადაც მეგობრების გვერდით მოკვდებოდა. მონღოლებმა ცოტნე დადიანის სიტყვები ირწმუნეს და ქართველი დიდებულები გაათავისუფლეს. აქვე 1314 წელს მონღოლთა თაოსნობით მოიწვიეს ქართველ მთავართა და დიდებულთა კრება ქვეყნის გასაერთიანებლად და მცირეწლოვანი გიორგი V-ის გასამეფებლად (სარგის და ყვარყვარე ჯაყელების გამოუცხადებლობის გამო შეკრებას შედეგი არ მოჰყოლია). 1414-1415 წლებში კოხტასთავთან მომხდარ ბრძოლაში მეფე ალექსანდრე I-მა დაამარცხა ივანე ათაბაგი. XVI საუკუნიდან კოხტასთავი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამჟამად ეს პუნქტი ნასოფლარადაა ქცეული.
დამალის ,,წმ. გიორგის’’ სახელობის ეკლესია
დამალის ეკლესია, (ტამალის ეკლესია) — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამალაში მდებარეობს . დგას სოფლის აღმოსავლეთით, პატარა ხევის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში. ეკლესია ერთნავიანი შენობაა (12X9 მ). კედლის სისქე არის 75 სმ. ნაშენია მეტი ნაწილი თლილი ქვისაგან. კედლების შუაში კლდის ქვაც არის გამოყენებული. სამხრეთით აქვს სვეტი, რომელიც ორ კარს ქმნის აქეთ-იქით. ეკლესიას შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, ხოლო ჩრდილოეთით აქვს გვერდით ოთახში გასასვლელი. ეკლესია ერთნავიანია და სამხრეთითა და დასავლეთით აქვს გალერეების მსგავსი შენობები. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ოთახია. ეკლესიას სამი სარკმელი აქვს აღმოსავლეთით, ერთი დასავლეთით და ერთიც სამხრეთით. ეკლესიის თაღი ჩაქცეულია საკურთხევლის ნაწილის გარდა. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა კედლის ახლოს დგას. იგი ერთი ქვისგან არის გამოჭრილი. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინით, რომელიც ნაწილობრივ ძირსაა ჩამოცვენილი. ეკლესიის კარნიზი ღარის მსგავსია, სამხრეთით გალერეის სვეტი მრგვალია თავში, ხოლო ძირში ოთხკუთხედი. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც ჩანს საკურთხეველში. აღმოსავლეთის სარკმელი შემკულია ჯვრების გამოსახულებებით. ეკლესიის სამხრეთით არის რამდენიმე შენობის ნანგრევი.
ახაშენის ეკლესია
ნასოფლარი ახაშენი – ასპინძის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პატარა სოფლად ითვლებოდა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ,,ვილაიეთი დიდი დავთრის ‘’ შედგენის (აღწერის მიხედვით) ახაშენი 5 კომლიანი პატარა სოფელია. იგი ასპინძიდან 5 კმ-ზე მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალციხისკენ მიმავალ საავტომობილო გზიდან 150 მეტრზე მდებარეობს. ნასოფლარში დგას მე- XI -ე საუკუნეში აგებული ,,წმ. გიორგის“ სახელობის ეკლესია. ნაგებია თლილი ქვისაგან. არის ერთნავიანი შენობა. 8X4 მ. დასავლეთით არის მინაშენის ნანგრევები. კარი დასავლეთით აქვს. სარკმელები 1- აღმოსავლეთით ,1 დასავლეთით და 1 სამხრეთით. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე საინტერესო ქვებია წარმოდგენილი. ერთ-ერთზე უცნობი პირია ეკლესიის მოდელით ხელში (გუმბათიანი ეკლესია). მის უკან აყვავებული ,,ჯვრის’’ უიშვიათესი ორნამენტის გორელიეფია, გვერდით წარწერაა: “ქრისტე შეიწყალე ნიღვარაი ძე სურმაგისი”. საინტერესოა საიდან არის მოტანილი აღნიშნული ქვა, ვინაიდან ახაშენის ეკლესია ბაზილიკური ტიპის ძეგლია..
თურქთა ბატონობის ხანაში ეკლესია მეჩეთად გადაუკეთებიათ და მთლიანად შეუცვლიათ მისი იერსახე. ერთნავიან ბაზილიკურ ეკლესიას სახურავი მიწაყრილით ჰქონდა ,, დამშვენებული“ . დროთა განმავლობაში ჩამოეშალა პერანგის ქვა, უმშვენიერესი ჩუქურთმებით შემკული სარკმელი და თაღი. დაზიანდა და დაიკარგა ორნამენტების ერთი ნაწილი.
2010 წელს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლოტის, მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რესტავრატორ სპარტაკ ჯვარიძის ხელმძღვანელობით, მოხდა ძეგლის რესტავრაცია.
ოშორის ეკლესია
სოფელი ოშორა ასპინძის მუნიციპალიტეტში იდუმალის თემში მდებარეობს, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 37 კილომეტრით. „ასპინძიდან ორიოდ ვერსის სავალზედ იდუმალაა, ხოლო იდუმალის ზემოთ ერთს მივარდნილს, მიმალულს ადგილას არის ხეობა, რომელშიც ორი სოფელია ქვემო და ნასოფლარი ზემო ოშორა“
სოფელში შემონახულია XIV საუკუნის ,,ღვთისმშობლის’’ სახელობის მცირე ბაზილიკური ეკლესია. ეკლესია ბოლო წლებში საკმაოდ დაზიანებული იყო. აღადგინეს 2010 წელს. ინტერიერი მოხატული იყო. ფრესკის დეტალები შემონახულია ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში შემონახულია წარწერა, საიდანაც ცნობილი ხდება ეკლესიის აშენების დეტალები. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გამოხატულია ბოლნური ჯვარი. აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმელის თავზე შეიმჩნევა მარტივი მინიატურული გამოსახულება, სადაც სავარაუდოდ გამოხატულნი არიან ეკლესიის მაშენებელნი. სარკმელის თავზე შეიმჩნევა ასევე მარტივი ბარელიეფური გამოსახულება.
ეკლესიის სამხრეთ კედელზე იკითხება შემდეგი წარწერა: „დედაო ღმრთისაო, შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი მე დედოფალ ყოფილმან ეფროსინე და მივეც შამანგულის ძესა ბასილს და მისსა შვილსა ილარიონსა, და დვირელთაგან ნასყიდი სახლი ავაგე ზედა. და ამისსავე სამსახურისათვის გავეც ოქროჲ აწყურს და ყოველგან რომე ცჳლი მოიკრიფებოდეს და არა დაილეოდეს არა დღე და არა ღამე ამათითა ხელითა და კრულია და ვსწყევლი დიდისა ღმრთისა მადლითა…“
საინტერესოა, რომ ექ. თაყაიშვილისეულ ვერსიაში არსებობს წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელების განსხვავებული ვერსიები: „… მე იუდიფ ყოფილმან ეფროსინე…“, ან კიდევ „… და მისა შვილსა ფირანს…“ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელის ზემოთ წარწერაში მოხსენიებულია სავარაუდოდ ქტიტორი ისაკი – „ქრისტე შეიწყალე ისაკაჲ ამენ“.
,,წმ. ელიას’’ სახელობის ეკლესია
ვახუშტი ბატონიშვილი ახსენებს ოშორის ჴევს და ზემო ოშორას: „კვლად მტკვარს მოერთვის, წითელკლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის-ჴევი… ამ ჴევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუნბათიანი…“
ოშორის თემი აერთიანებდა ქვემო ოშორას, ზემო ოშორას და ყამზას.
სოფ. ოშორის ჩრდილო აღმოსავლეთით სადაც ძველი ისტორიული საურმე გზა გადადის ნასოფლარ ,,ჯოყოფში’’ (საზაფხულო საძოვარი, სათიბებში), საკირე დვირის მიმართულებით, ნასოფლარ ელიაწმინდაში არის ,,წმ. Eელიას’’ სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც არქიტ. სტილით განეკუთვნება ადრე შუა საუკუნეებს. ძეგლი ძლიერად არის დაზიანებული. ნაგებია უხეშად თლილი ქვით. აღმოსავლეთის ფასადი მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო სარკმელი მოჩუქუღთმებული აქვს. მთლიანად ჩამონგრეულია კამარა, საკურთხევლის აბსიდი და კედლები. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს მინაშენი თაღიანი შესასვლელით, მინაშენზე შეიმჩნევა სამრეკლოს კვალი, ჩანგრეულია მინაშენის კამარის აღმოსავლეთის ნაწილი. დარბაზი ამოვსებულია ნანგრევებით. შიდა ფასადები კედლისთაღებიანია. შემორჩენილ კედლებზე ამოსულია ხემცენარეები, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან ძეგლს.
უნდა აღინიშნოს, რომ ძეგლთან მისასვლელი საავტომობილო გზა გაკეთდა 2013 წლის გაზაფხულზე.
„ციხე – ჩიტიკიბე“
სოფელ ოშორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ში მაღალ ქედზე, ზღვის დონიდან 2200 მ-ზე ძნელად მისადგომ კლდოვან ბორცვზე დგას ციხე, თარიღდება განვ. შუა საუკუნეებით. რომელსაც შესასვლელი კარი ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარეს არის კოშკების ნანგრევები. ნაგებია ბაზალტის ქვით. გალავნის მეტი ნაწილი მორღვეულია.
ციხე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს საიდანაც კარგად მოჩანს, მრავალი ნასოფლარი და ციხეები – ვარაზის (წითელი) ციხე, შორეთის ტაიჭას, კოხტას, ასპინძის, ვარნეთის, ყამზის, ორგორის, ზველის და ჭობარეთის, საფარის და ა.შ.
ზველის ეკლესია
ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია — X საუკუნის I ნახევრის ქართული მართლმადიდებლური ორნავიანი ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ძველის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. ეკლესია აღმართულია სადა, მშრალი წყობის გალავნით შემოსაზღვრულ ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიის გარშემო არის საფლავის ქვები და ვერძები.
ერთსაფეხუროვან ცოკოლზე დაფუძნებული ეკლესია გეგმით წარმოადგენს ორნავიან კომპოზიციას, რომელიც შედგება მაღალი და განიერი, დაბალი და ვიწრო სამხრეთის ნავებისაგან. ეს ორივე მოცულობა დასავლეთის მინაშენით არის გაერთიანებული. სამივე ნაწილი ერთმანეთთან სხვადასხვა ზომის თაღებით არის დაკავშირებული. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. მის ცენტრში ტრაპეზის ქვაა დასვენებული. მოგვიანებით ეკლესიის საკურთხეველს სოლეა ჩაუშენეს, რომელიც ამ ნავის ისედაც მცირე მოცულობის ნახევრამდე აღწევს, ვიზუალურად ზრდის საკურთხევლის სივრცეს და ბემის არსებობის შეგრძნებას იწვევს.
უფასადო, ძალიან ვიწრო და დაბალი სამხრეთი ნავი დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ აქ არის გაჭრილი ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი. ნავების გამაერთიენებელი დასავლეთი მინაშენი სიმაღლეშიაც და სიგანეშიც აღემატება სამხრეთისას.
ეკლესია განათებულია სხვადასხვა დონეზე განთავსებული განსხვავებული ზომის სარკმლებით.
რთული და უჩვეულო გეგმარების მქონე ზველის ეკლესიის შიდა დანაწევრება მკაფიოდ იკითხება მის გარე მასებში. სამივე მოცულობა განსხვავებული ზომისაა და დამოკიდებულებლად არის გადახურული.
ყველაზე მიმზიდველია კლასიკურად სადა და მკაცრი, ატყორცნილი პროპორციების მქონე აღმოსავლეთი ფასადი, რომლის ერთადერთი დეკორატიული აქცენტს საკურთხევლის სარკმლის თავსართი ქვა წარმოადგენს. ამ ფასადს ენაცვლება ყრუ, ყოველგვარი დანაწევრებას მოკლებული ჩრდილოეთის ფასადი, ხოლო დასავლეთის, რომელზეც არსებული განიერი მინაშენი მთავარი ნავის სიმაღლის 3/4 იკავებს, არღვევს ნავთა ჰარმონიულ შეფერადებას, რის გამოც ეს ფასადი უფრო დამჯდარ და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველაზე ცოცხალი, და დინამიური სამხრეთი ფასადია, სადაც თავს იყრის სხვადასხვა დონეზე გაჭრილ სარკმელთა ყველაზე მეტი რაოდენობა, ცენტრალურ ღერძს აცდენილი, ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი და ორ სიბრტყედ განვითარებული, განსხვავებული ზომის მოცულობათა მონაცვლეობა.
,,სულიწმიდის’’ (კვირაცხოვლობის) სახელობის ეკლესია
ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესია — დარბაზული ეკლესია სოფელ ჭობარეთში, მზიანეთის უბანშია აგებული. ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. ფერდზე ტაძრისათვის საყრდენი კედლის მეშეეობით გაკეთებულია მცირე ტერასა. ტაძარი ნაგებია ბაზალტის ქვით. თლილი და პირმოსწორებული ქვა დიფერენცირებულია — თლილი ქვით შენობის კუთხეები, კარის და სარკმლის წირთხლებია ამოყვანილი. ხოლო პირმოსწორებული ქვით და სქელი ხსნარით საკმაოდ სქელი კედლებია ნაგები.
ტაძარში ერთი შესასვლელია, იგი სამხრეთიდან კედლის დასავლეთ ნაწილშია გაწეული. ფართოდ გაშლილ აფსიდში საკურთხევლის სარკმლის გეერდებზე ორი ღრმა და მაღალი ნიშია (დღეს ორივე ნიში ხის კარით იხურება). ერთი მცირე ნიში აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილშია. აფსიდის კონქში კერამიკული რეზონატორებია ჩასმული.
გრძივი კედლები კედლის სვეტებით სამ მონაკეეთადაა გაყოფილი, სვეტებს შორის არე თაღოვანია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები მარტივი პროფილის კაპიტელებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელის ხის კონსტრუქციით (ხატები კანკელიდან ამოღებულია). დარბაზი ოთხი საკმაოდ განიერი თაღოვანი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშია გაჭრილი, ორი სარკმელი განთავსებულია სამხრეთის კედელში. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია ერთი საფეხურით.
ტაძრის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. შესასვლელის თავზე სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კეხზე „დადგმულია“ ოთხ წრიულ სვეტზე დაბჯენილი და თაღებით გახსნილი პატარა გამჭოლი სამრეკლო (შესაძლოა ისიც ტაძრის აგების თანადროული იყოს).
ტაძარში შეტანილია საფლავის ქვა (აღმართულია აფსიდის წინ, ჩრდილოეთის კედელთან). მისი წარწერა სავარაუდოდ ჭობარეთის სულთმოფენობის ეკლესიის აგებას ეხება:
„ საფლავსა . ამას : შა . მდებარე ვარ.
ნიკოლაოზ ინასარიძე . ლე წლისა აგვისტოს ვ.
ნ. მიზეზ . ვარ. აღშენებასა. ამა. ტაძრისა ჩყმზ. წლს. “
ნიკოლოზ (ან ნიკოლაოზ) ინასარიძე 35 წლისა 1847 წლის 6 აგვისტოს გარდაცვლილა და როგორც ეპიტაფია გავაუწყვბს „ნიკოლოზ მიზეზ ვარ აღშენებასა ამა ტაძრისა“. არქიტრავის ქვას სანგინით გაკრული ხელით 1893წელი აწერია, უცნობია რას უკავშირდება ეს წელი. ეოველ შემთხვევაში ტაძრის აგების თარიღი (ან მშენებლობის დასაწყისად) 1847 წელი მეცნიერებს სარწმუნო ჰგონიათ. ტაძრის არქიტექტურაც XIX საუკუნეზე მიანიშნებს.
ქვემო მაჭიხეთის ეკლესია და ზემო მაჭიხეთის ეკლესია
სოფ. ჭობარეთიდან დასავლეთით 5 კმ-ში, ისტორიულად მაჭიხეთის სახელწოდების ორი სოფელი ყოფილა_ზემო და ქვემო მაჭიხეთი. ამჟამად ისინი ნასოფლარებია, მდებარეობს ორ მდინარეს წყალწმიდასა და ბუზიყლაპიას შორის. ქვემო მაჭიხეთში ეკლესია ,,წმ. გიორგის’’ სახელობისაა, დგას მდინარის (ბუზიყლაპიას) მარჯვენა მხარეს, საავტომობილო გზის პირას. ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის მინაშენით. ნაგებია ბაზალტის თლილი ქვით, გამოყენებულია ვულკანური წითელი და ქვიშაქვა. კედლის პერანგი თლილი ქვით არის მოპირკეთებული. ძეგლი ძლიერად არის დაზიანებული, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა, დარბაზის სამხრეთის კედელი, კუთხეები და სამხრეთის სათავსოს კედლები მორღვეულია შესასვლელ კარამდე. მოშლილია აღმოსავლეთის კედლის პერანგის ქვა. ძეგლი საჭიროებს რესტავრაციას.
მეორე ნაეკლესიარი არის ზემო მაჭიხეთში. იგი მთლიანად არის დანგრეული. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების ნაწილი. კედლები შემდგომში დაშენებულია მშრალი წყობით.
საყევარის ეკლესია
ნასოფლარი საყევრი მდებარეობს სოფ. ჭობარეთიდან სამხრეთით 15 კმ-ში. ნასოფლაში არის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია (7,65X4,85 მ.). დგას მოტიტვლებულ ადგილას, ფერდობზე, თარიღდება განვით. შუა საუკუნეეებით. ნაგებია სუფთად თლილი მოვარდისფრო ბაზალტის ქვით, შესასვლელი კარი სამხრეთიდან აქვს.
ძეგლი ამჟამად ძლიერად არის დაზიანებული, ჩამონგრეულია კამარა, მორღვეულია კედლები, შუაზე ჩანგრეულია საკურთხევლისა და ჩრდილოეთის კედელი, გაბზარულია დასავლეთის კედელი, ხოლო ეკლესიის ტერიტორიაზე არის დიდი მოჩუქურთმებული კარნიზისა და პერანგის თლილი ქვები. ძეგლი საჭიროებს შესწავლას და რესტავრაციას.
ხერთვისის ციხე
ციხისა და იმ სოფლის სახელი სადაც იგი მდებარეობს, ხერთვისი, მომდინარეობს სიტყვიდან “ერთვის” სწორედ ამ ადგილას არის ორი მდინარის (ჯავახეთის მტკვარის) ფარავნის წყლისა და არტაანის მტკვრის შესართავი. მოგვიანებით სიტყვამ “ერთვისი” განიცადა ცვლილება და იქცა სიტყვად ხერთვისი.
ხერთვისის ციხე ანტიკური ხანის ძეგლია ძვ.წ_მდე V ს. ქართლის ცხოვრება ადასტურებს აქ ციხე-ქალაქის არსებობას უძველესი დროიდან წუნდასთან ერთად. დ. მროველის ისტ. წყაროები აღნიშნავს, რომ ,,გაძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრო ყოველი ქვეყანა . .…. და პოვა ციხე ქალაქი ესე ძლიერნი შუა ქართლი, წუნდა, ხერთვისი მტკუარისა.’’ ამჟამინდელი ციხის აშენების თარიღად X-XIV საუკუნეებს მიიჩნევენ. კოშკი და ზღუდე აღდგენილია მეფის მოლარეთუხუცესის ზაქარია ქამქამიშვილის მიერ.
1354-1355 წწ. მეთექვსმეტე საუკუნეში ხერთვისს თურქები ეპატრონებიან. 1771 წ. ხერთვისელ იბრაგიმ ბეგის შემწეობით ერეკლე II –ე ეუფლება ხერთვისის ციხეს. 1828 წ. პასკევიჩის არმიას ხერთვისი უბრძოლველად დანებდა.
ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
მდინარეების შესართავთან არის ხიდის ბურჯის ნაშთები, მის მოპირდაპირედ მტკვრის მარცხენა ნაპირზე არის ხიდის ორი კოშკის ნანგრევი. ერთი მადგანი ორ იარუსიანია.
ციხის გალავნის შიგნით ორი კოშკია, ამ კოშკებთან ლეგენდაცაა დაკავშირებული, თითქოს ერთი მათგანი ოსტატს, მეორე კი შეგირდს აუშენებიათ. შეგირდის ნახელავი უკეთესი გამოსულა, შეშურებია ოსტატს და კოშკიდან გადმოუგდია მოსწავლე.
ორივე კოშკი სამ სართულიანი ყოფილა. დღესდღეობით ჩამონგრეულია. მათ ხის აივნებიც ჰქონიათ. ციხეს აქვს საიდუმლო გვირაბი, რომელიც ფარავნის წყალთანაა დაკავშირებული. გვირაბი ციცაბო კლდეს მიუყვება. მისი ერთი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი, ნაწილი კი ჩამონგრეულა.
დღეისათვის – ციხეზე ეტაპობრივად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2003 წელს აღდგა გალავნის შიგნით არსებული მცირე ზომის ეკლესიაც.
ხერთვისის აბანოები
ხერთვისის ციხის ჩრდილოეთით, მდ. ფარავნის მარჯვენა მხარეს არის ძველი აბანო.. ნაგებია უხეშად თლილი ქვით. აბანო ორი ერთმანეთზე მიბმული სათავსისაგან შედგება. აგურით ნაშენია ნახევარსფერული სასინათლო ხვრელებიანი გუმბათები.. დასავლეთიდან აქვს ერთი შესასვლელი კარი. შესასვლელი კარის შიგნიდან ორივე მხარეს, თაღიანი ღრმა ნიშებია. კედლების კუთხეები, ნახევარწრიული თაღებიანია. აბანოს კედლები შიგნიდან შელესილია.
კვარშას ეკლესია
კვარშა (ყვარშა) – ეკლესია IX-X სს, მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფ ხერთვისის მიდამოებში, ჯავახეთის ზეგანზე. ძეგლი ნასოფლარის აღმოსავლეთითაა აღმართული, დღესდღეობით ძლიერ დაზიანებულია. გარეთა კედლების ქვედა ნაწილი დიდი უსწორმასწორო ქვებითაა აშენებული. ინტერიერი საკმაოდ მაღალია. შესასვლელი კარი დასავლეთიდან ჰქონდა, საბჭოთა წყობილების დროს ამოუშენებიათ და კარი აღმოსავლეთით საკურთხეველში გაუჭრიათ ტაძარს მარცვლეულის საწყობად იყენებდნენ, ეკლესიის შიგნით აღინიშნება ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერები. ეკლესიის ფასადებზე. ეკლესიის გარშემო ძველი ნასახლარებია. ტაძრის გარშემო მეგალითური წყობის გალავანია.
კვარშას ეკლესიაზე ამოკვეთილია 6 პატარა წარწერა. წარწერებს ივ.როსტომაშვილი ასე კითხულობს:
1. წარწერა მოთავსებულია სამხრეთ კარის თავზე:
„ქრისტე, შეიწყალე… შეუნდვენ ცოდვანი”.
2. აღმოსავლეთის კედელზე:
„ამ ეკლესიას (თუ ეკლესიის)”
3. ჩრდილოეთის კედელზე:
„ქრისტე, შეიწყალე მოქელ ცოდვილი”
4. იქვე სხვა ქვაზე:
„ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ”
5. დასავლეთის კედელზე:
„ქრისტე, შეიწყალე…შეუნდვენ…” 409.
სოფელი ფია
ნასოფლარი ,,ფია’’ განლაგებულია სოფელის ჩრდილო-დასავლეთით აღმართულ გამოქვაბულებიან შვეულ კლდესა და მშრალ ხევს შორის, ნასახლარები და ორი ეკლესია ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სოფლის ძირითადი ნაწილი მცირე ბორცვებზე და მთის დამრეც კალთებზეა შეფენილი. სახლები ნაგებია ფლეთილი და დაუმუშავებელი ქვით, მშრალად.
ნასახლარების ნაწილი კლდეშია ნაკვეთი. აქვეა საწნახლები და ზეთსახდელი.
ნასოფლარი საერო და საკულტო არქიტექტურის სპეციფიური, მნიშვნელოვანი ნიმუშია.
,, წმ. თეოდორეს“ სახელობის ეკლესია
ფიაში შემორჩენილია წმ. თეოდორეს სახელობის მცირე ეკლესია აგებულია 995 წელს. იგი რესტავრირებულია და კარგ მდგომარეობაშია. არის მოხატულობის ნაშთი, საკურთხეველში გამოსახულია ,,მაცხოვრი“ -ს შავ-თეთრი ფრესკა..
ფიის ,, წმ. გიორგის “ სახელობის ეკლესია
წმ. გიორგის ეკლესია წმ. თევდორეს ეკლესიიდან 100 მ-თაა დაშორებული. ფასადი შემკულია ორნამენტებით და წარწერებით, მათ შორის X ს-ის წარწერით. ფიას წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია, ამჟამად უკვე ნახევრად დანგრეულია. იგი მთლიანად კამარაჩაქცეულია. ქვების ნაწილი იქვეა მიმოფანტული. ჩრდილოეთის კედელი კი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ამჟამად შეუძლებელია აგრეთვე დასავლეთ კარში შესვლა, რადგანაც ისიც მიწითაა დაფარული და მხოლოდ კარის ღიობის ზედა ნაწილი ჩანს. ეკლესია სხვადასხვა ჯიშის ქვებითაა ნაგები. გამოყენებულია როგორც ბაზალტი და ადგილობრივი ნარინჯისფერი ქვა ასევე შირიმიც. ეკლესიის გეგმასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საკურთხეველი ძალზე მცირეა, თითქმის მხოლოდ მორკალული ფორმისა. მასში გაჭრილი სარკმელი გამორღვეულია. ეკლესიის სივრცე ერთი წყვილი პილასტრის მეშვეობით იყო დანაწევრებული. დღეს სამხრეთ კედლის პილასტრიდან მხოლოდ კაპიტელია შემორჩენილი, რომლის ზედაპირი ღარების მეშვეობითაა დამუშავებული. ჩრდილოეთ პილასტრის კაპიტელი კი “თევზისფხურადაა” დეკორირებული. ეკლესიის ინტერიერში დაყრილი ქვებიდან ერთ-ერთი ქვა სარკმლის თავსართი უნდა იყოს, რადგანაც ქვედა ნაწილში მას თაღოვანი მცირე ზომის ღიობი აქვს. მისი ზედაპირი გრაფიკული ნახატითაა შემკული. ცენტრში ჯვარია მოთავსებული, ხოლო აქეთ-იქით გამოსახულებებია. ეკლესიაში შესვლა ორი მხრიდან იყო შესაძლებელი. დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელის კარის მოხაზულობა შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა. დასავლეთის კარი კი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ეკლესიის ფასადები სხვადასხვა ფერის ქვითაა შემოსილი, რაც ცხოველხატულ შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ ფასადის შესასვლელი აქცენტირებულია არქიტრავის მოყვითალო-მონარინჯისფრო დიდი ზომის ქვით, რომელზეც ცენტრში წრიულ მოხაზულობაში გამოსახულია ბოლნური ჯვარი, აქეთ-იქით კი ხეები. არქიტრავის გასწვრივ ეკლესიის პერანგის ორი რიგი ნარინჯისფერი ქვითაა ნაწყობი, რაც ფასადზე სარტყელს წარმოშობს. ეს უკანასკნელი ფერადოვნებით პერანგის საერთო ფონიდან განსხვავებულია და ძლიერ ფერწერულ აქცენტს სვამს ფასადზე. ამავე ფასადის დასავლეთ განაპირა ნაწილში ჩასმულია ასევე ორი სხვადასხვა ფერის ქვა. ერთი ნარინჯისფერი, მეორე კი ნაცრისფერი. ამ უკანასკნელზე მზის გამოსახულებაა ჩაკაწრული, ხოლო ნარინჯისფერი ქვის ზედაპირიდან კი ცხოველის გამოსახულება ამოიზიდება. ეკლესიასთან შემორჩენილია საფლავის ქვებიც. ნახევრად დანგრეული ეკლესია თავისი პროპორციითა და მხატვრული გადაწყვეტით დღესაც ახდენს მნახველზე შთაბეჭდილებას.
ვარნეთის ციხე
გვიანდელი ფეოდალური ხანის XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ასპინძიდან 5 კმ-ზე, იქ სადაც მდინარე მტკვარს მარცენა მხარეს მოერთვის ვარნეთის ხევი, სათავეზედ, ნასოფლარ ვარნეთში (ზღვის დონიდან 1440 მ-ზე) დასავლეთით მაღალ კლდოვან ბორცვზე დგას ვარნეთის ციხე ეკლესია. ციხე ნაგებია ბაზალტით და ფლეთილი ქვა დუღაბით. ციხე მცირე ზომისაა (25,0X15,0მ.), ჰქონია ორი კოშკი, გალავნის სისქე (1.30მ.), დასავლეთის მთავარი კოშკი ორსართულიანი ყოფილა (12,0X10,0მ.).
ეკლესია ,,კვირაცხოვლობის“ სახელობისაა,, შემორჩენილია აღმოსავლეთის საკურთხევლი სადაც შეიმჩნევა მოხატულობის ნაშთი. აგებულია თლილი ქვით ფრონტონში გამოყენებულია წითელი აგური. ციხის ძირში ჩრდილოეთის მხარეს ჰქონია სამალავი ქვაბები, რაც ამჟამად ჩანგრეულია. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოსვარნეთსი 13 ქართულის ოჯახი ცხოვრობდა.
ერკოტის ,,ფერიცვალობის“ სახელობის ეკლესია
ასპინძიდან 6,5 კმ-ში, ნასოფლარ ერკოტის ცენტრში დგას ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, (14X5 მ.) აგების თარიღი უცნობია. ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტის, რიყისა და ქვიშაქვით, სუფთად თლილი ქვა გამოყენებულია კუთხეებში, კარ-სარკმელებსა და სვეტებში. შესასვლელი კარი დასავლეთიდან აქვს. ბალავრის ქვაზე ამოტვიფრული სამ ჯვრიანი ბარელიეფი წაშლილია, კარის მარცხენა საყრდენ სვეტში ჯვრის ბარელიეფი ამობრუნებულია. ეკლესია საბჭოთა პერიოდში აღუდგენიათ, მარცვლეულის საწყობად გადაუკეთებიათ, შიდა ინტერიერი და გარე ფასადი თეთრად შეულესავთ,. კამარა შეისრულია. ძეგლის დასავლეთით 5 მ-ის დაშორებით დგას სამრეკლო (1.10X1.10 მ.) რომელიც კრამიტით არის გადახურული.
ეკლესია გადახურულია აზბესტ-ცემენტის სახურავით რომელიც დაზიანებულია. დაბზარულია დასავლეთის ფასადის კედლები. ძეგლის სახურავი შესაცვლელია, ეკლესიის გარშემო ტერიტორია შესაღობია. ძეგლი საჭიროებს რესტავრაციას.
ნასოფლარში შემორჩენილია მიწისქვეშა ქვის კარიანი დარნები.
ნიჯგორის ეკლესია
სოფ. ნიჯგორის სასაფლაოზე, არის ,,წმ. გიორგის’’ სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომლის ბალავრის ქვაზე ამოტვიფრულია ჯვარი. გადახურულია ლორფინით, ღია მოწითალო ბაზალტით. ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა 2012 წელს. ეკლესიის გარშემო არის ძველი სასაფლაო.
ნიჯგორი – ორმოცას ციხე
სოფელ ნიჯგორის ბაღების დასასრულს, სამხრეთ-დასავლეთით მდ. მტკვრის სანაპიროზე შემორჩენილია ციხის ნანგრევი, ზურგიანი კოშკი, რასაც მოსახლეობა ,,ორმოცას ციხეს’’ უწოდებს.
სამანქანო გზის დასავლეთით გზისპირა გორაკზე, ნალისებური მოყვანილობის ზურგიანი მოზრდილი კოშკი დგას. ბრტყელი მხარე მდ. მტკვრისკენ, ხოლო მომრგვალლებული – გზის მხარეს იყურება, აქეთკენვე იმზირება კედელში ვიწროდ ჩაყოლებული სარკმელი. კოშკი დიდი ლოდებით კირზეა ნაგები, კედლის სისქე 3 მეტრია. მის გვერდით (ჩრდილოეთით) ეკლესიის ნანგრევს წმ. მარინეს სახელობისად მიიჩნევენ…… ეკლესია VIII-IX საუკუნეებისა ჩანს. ეკლესიას გალავანიც ჰქონია….საინტერესოა, რომ ერთ გადმოცემაში შოთა რუსთაველის შესახებ ნათქვამია, თითქოს მას ბოლოს უკისრია ხაზინადარაობა ვარძიაში და დაქორწინებულა ორმოცის ციხის ბატონის ქალიშვილზე, ეს ციხე ვარძიის სიახლოვეს ყოფილა და მისი მებატონენი 40 ძმანი ყოფილან“(დ.ბერძენიშვილი, ჯავახეთი, ძველი სიმაგრეები, გვ. 138).
თუ გავითვალისწეინებთ იმ ფაქტს, რომ ,,წმ. მარინეს’’ ეკლესიას გალავანი ჰქონდა, უნდა ვიფიქროთ რომ ამ გალავნის შიგნით ყოფილა არა მხოლოდ ეკლესია, არამედ ციხე-კოშკიც და ეს სალოცავიც მისი კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. ამდენად ამ მეტად მნიშვნელოვან გამაგრებულ პუნქტს ფუნქციონირება თუ უფრო ადრე არა, VIII-IX საუკუნეებიდან მაინც უნდა დაეწყო. ორმოცის ციხე თავი გეოგრაფიული მდებარეობით და სტრატეგიული დანიშნულებით, მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც ხერთვისი-ვარძიისკენ და ჯავახეთის ქვედა პლატოსკენ მიმავალ გზებს აკონტროლებდა.
საროს ეკლესია
,,მთავარანგელოზის’’ სახელობის ეკლესია, რომელიც სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ციცაბო კლდის პირას ქარაფის თავზე დგას, ეკლესია XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია 12,8X7.2 მ.ნაგებია თლილი ქვისგან. გადახურულია კრამიტით, 1 კარი აქვს დასავლეთით , 3 სარკმელი აღმოსავლეთით, სამხრეთით 1 სარკმელი და 1 სანათური , დასავლეთით 1 სარკმელი . შიგნით და გარეთ გალესილია კირით, იატაკი თლილი ქვაა. ტრაპეზი სამია, საკურთხევლის ტრაპეზი დაცილებულია კედელს. ეკლესია განახლებულ-გადაკეთებულია. ეკლესიის დასავლეთ მხარეს 4 სვეტზე დგას სამრეკლო.
დ. ბერძენიშვილი უფრო სხვა კუთხით დაწვრილებით აღწერს ამ სალოცავს და აღნიშნავს: ,,საროს მთავარანგელოზის ეკლესია მოზრდილი ორნავიანი ტაძარია, გარედან შეთეთრებული და ინტერიერ გალესილი, გვიან საკმაოდ შეკეთებულიც (გამოცვლილია კამარა). ამის მიუხედავად იგი ძალზე შტამბეჭდავი ნაგებობაა – დაუმთავრებელი რუხი ქვით ნაგები, თლილი კონსტუქციული ნაწილებით. ცენტრალური ნავი დასავლეთის ერთი დიდი და სამხრეთის ორი მომცრო თაღითაა გახსნილი ორმხრივი, ვიწრო გარშემოსავლელისაკენ. ეს უკანასკნელიც სამხრეთის ფასადიც შემდგომში ამოქოლილი დიდი ორთაღედით იხსნებოდა გარეთ. სამხრეთის ნავის უფასადო კიდეში ტრაპეზის ქვა და ემბაზია შემონახული, ჩრდილოეთი პასტოფორუმი კი საერთო აბრისის გარეთაა გამოტანილი. ეს დიდი ტაძარი მორთული იყო. დღემდეა დარჩენილი სამხრეთის ფასადის მორთულობა, მათგან ერთ-ერთი ყორე გალავანში უკუღმაა ჩატანებული.“ ( დ. ბერძენიშვილი ,,ჯავახეთი“ 1.,2000 .,გვ.86).
ამ აღწერებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ეკლესიაში არსებული სამი საკურთხეველი, რადგან სამსაკურთხევლიანი ეკლესია საქართველოში სულ რამდენიმე — თითზე ჩამოსათვლელია.
მ.ბერიძეის შენიშვნით ამ ეკლესიაში ,, უცნაური და მნიშვნელოვანი არის ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის საკურთხევლის მთავარი ნაწილის ტრაპეზის სიმრავლე. ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა აქვს ჩაწერილი ივ.როსტომაშვილს მე-19 საუკუნის ბოლოს. ოდესღაც სოფელში უცხოვრია სამ ძმას, ძლიერ თავადიშვილებს, რომლებსაც აუშენებიათ როგორც ციხე, ისე ეკლესია რათა თითოეულს ცალ-ცალკე შეესრულეებინათ ღვთისმსახურება. (მ. ბერიძე, ,,ტაძრები და სახელელბი“, თბ.2010,გვ.66).
ივ.როსტომაშვილის გადმოცემით, საროს ,,საყდარში აღსანიშნავია მაცხოვრის ერთი ძველი ხატი. იგი დახატულია კაკლის ფიცარზე ფერადის წამლებით და სიგრძე აქვს 8 და სიგანე 6 ვერშოკი. სახის მარჯვნივ და მარცხნივ ოქროსფერი ასოებით აწერია სიტყვები: ,,იესო ქრისტე, ’’ ხოლო ბოლოში ესე: ,,ადიდე შენ მაცხოვარო მადიდებელი შენი აბაშიძე ლეონი, 1747 , გლახაკი ივანე.“ ვინ არის აქ მოხსენებული, ,,ლეონ აბაშიძე ჩვენ არ ვიცით ვინ იყო , მაგრამ საჭიროდ ვთვლით დავურთოთ, რომ საროდან 7-8 ვერსის მანძილზე ძევს სოფელი თოკი, სადაც დღესაც ცხოვრობენ ბეგები აბაშიძენი, რჯული მაჰმადიანნი, მაგრამ ქართულად ჯერაც მშვენივრად მოლაპარაკენი . ვგონებ ამ ხატის პატრონი ლეონ აბაშიძე ამათთაგანი უნდა იყოს და 1747 წლებში ყველანი თუ არა ქრისტეს მაღიარებელნი არიან“ (ჟურნალი ,,მოგზაური,“ #5, 1905, გვ. 23) აღნიშნული ხატი დღეს სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაეკლესიარია. ეზოს აღმოსავლეთით ადრეული სასაფლაოა, სადაც ქვის ხუროების შესანიშნავი ნიმუშების არაერთი საფლავის ქვა და საინტერესო ეპიტაფიებია შემორჩენილი. ამ ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან ეზო უზარმაზარი ქვის ბუნებრივი ლოდებით იყო შემოღობილი. ერთერთ ფილაზე ჯვარი იყო ამოკვეთილი. XX საუკუნის 60 -იან წლებში ეს ღობე მოშალეს (ფილები ტრაქტორით ამოყარეს) ჯვრიანი მხარე ისე გადააბრუნეს რომ მიწის მხარეს მოექცა (პირქვე დაამხეს). იმ წლიდან მოყოლებული ყოველ წელს სეტყვა და დელგმა უნადგურებდა მოსახლეობას მოსავალს. მთხრობელთა მონათხრობით ეს ჯვარი მთავარანგელოზს განასახიერებდა და სოფელი მისი პირქვედამხობისთვის ისჯებოდა. ბუნებრივი კატაკლიზმები მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როცა ეს ჯვრიანი ფილა კვლავ აღმართეს ,,ფეხზე წამოაყენეს.’’
ბუნებრივი და ხელით კლდეში ნაკვეთი მღვიმე–სახიზრები
1) საროს ციხე – სიმაგრეები
ჯავახეთში, ისევე როგორც მთელს სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ჩვ. წ. აღ-ით II. მაინც, თუ ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. მისი ,,დედაქალაქი“ იყო ერთგვარი ცენტრი, რომლის გარშემო ჯგუფდებოდა სუსტად გამაგრებული დასახლებანი. დ ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად, საროს მოსახლეობასაც ამგვარ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევს.
სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათლივს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული ამ კულტურულ ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-ით II ათასწლეული შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით: ,, როგორც ჩანს მთელი ამ ხანის განმავლობაში მდინარე მტკვრის ხეობაზე გამავალ სავაჭრო გზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ზემოაღნიშნულ ურთიერთობათა გაფართოება-განმტკიცების საქმეში.’’(ო. ღამბაშიძე,ი.ღამბაშიძე, რ.კვირკაია, არქ.გათხრები სოფ.საროში კრ.ასპინძა სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე’’.ახალციხე2000,გვ. 140) .
ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკუ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად , ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამუკიდებელ დამოუკიდწებელ ობიექტს წარმოადგენდა.
მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით ,,საროს ციხე სამი ნაწილისაგან შედგება: ,,ქვეუბნის ციხე, “ რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი), ,,ზედა ციხე,’’ ანუ „საყდრის ციხე“ რომელიც მთავარანგელოზის საყდრის სიახლოვესაა და „ახალი ციხე “ ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო- დასავლეთით.“ (ო. ღამბაშიძე,ი.ღამბაშიძე, რ.კვირკაია, გვ. 139). თავის განლაგებით და კოპნსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე შეიძლება დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.
1) ქვეუბნის ციხე. ეს ნაგებობა მეგალითური ანსამბლია და დღევანდელი და სახლებული პუნქტიდან 80-100 მეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ციხეს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაღები, სამხრეთით სახნავ-სათესი ,,ბერბუკების“ სახელწოდებით, ჩრდილო-დასავლეთით კი ფრიალო კლდეები. შეიძლება ითქვას რომ ციხე (ქარაფზეა) აგებული, ნაგებობას სკმაოდ დიდი ფართობი უკავია…………. . …….
კედლის წყობაში გამოყენებულია კარგად შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახლ. 1.0-1.5 მ. და 0.80-1 მ. სიმაღლის) ბაზალტის თლილი ლოდები.
როგორც ჩანს, ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი სიმაღლისა არ უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მისი სიმაღლე 2,5-3 მეტრამდეა შემორჩენილი. ,,გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია. არის შემთხვევები, ფასდის მხარეს საგანგებოდ თაღურად დამუშავებული წყობის გამოყენებისა. აქ ჩახჩისებურ კონსტრუქციასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა დანიშნულება ჰქონდა მათ, ჯერჯერობით უცნობია.“ (ო. ღამბაშიძე,ი.ღამბაშიძე, რ.კვირკაია, დას. ლიტ. გვ. 138).
1991 წელს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა პრფ. ო. ღამბაშიძის ხელმძღვანებლობით. აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის 50 მ.ხ25 მ. დარბაზი ორ ოთახიანი ნაგებობა, დარნები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმო) და ელინისტური ხანის სამაროვანი. ციხის ტერიტორიაზე მოპოვებული კერამიკული მასალა ძირითადად გვიანი ბრინჯაოს ხანისაა, არის ასევე უფრო ადრეულიც და ფეოდალური ხანისაც…… სიმაგრის კედლები შეიძლება ელინისტური და უფრო ადრეული ხანის ფენას დაუკავშირდეს.(იქვე. გვ. 140).
ციხის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ,,ბერბუკების სამაროვნებში“ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები გვ. ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდს განეკუთვნება და პარალელები საქართველოს სხვა რეგიონებშიც (თრიალეთი, მაჭიხეთი და ა.შ.) აღმოჩენილ მასალებთან იძებნება. აღმოჩენილი მასალა ჯავახეთის ზეგანზე (ჯავახეთის პლატოს ქვედა ტერასა-სარო-ხიზაბავრა) მცხოვრები სხვა რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისითაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს.
ქვეუბნის ციხის სიახლოვეს, სამხრეთით, დღესაც ჩანს სხვადასხვა ხასიათის ნაგებობათა ნაშთები, რომელთა მშენერბლობის ტექნიკა მეგალითურია და ხასითდება მშრალი წყობით. აქვეა დარანიც, რომლის შესასვლელი უზარმაზარი თლილი ქვებით იყო გაკეთებული. ქვის დამუშავების ტექნიკა ისეთივეა, როგორიც ციხის კედლების ქვებია
2) ზემო ანუ საყდრის ციხეები
გ. ბოჭორიძის განმარტებით ,, ეკლესიის დასავლეთით არის ორი ციხის ნანგრევი. იგი ნაშენია უზარმაზაერი ლოდებით. პირველში არის კირით გალესილი ორმო. ამ შენობებს კირი არ აქვს. ( გ. ბოჭორიძე, ,,მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“ თბ. 1992, გვ. 225). მართლაც ზემო ციხე ორი ციხისაგან შედგება, პირველი არის საყდრის ციხის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც დამუშავებულია უზარმაზარი ქვის ლოდებით, (სიგრძე 2-2,5 მეტრია, წონა 150-200 ტონამდე). შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი. ( მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ეს კედელი თვალნათლივ ჩანდა, 70 -იან წლებიდან მოსახლეობამ დაჭრა ეს ქვები და სახლების მშენებლობაში გამოიყენა). შეიძლება ითქვას რომ ეს ციხე ციკლოპურ ნაგებობას განეკუთვნება. მისი მსენებლობისა და კონსტრუქცია-არქიტექტურის დადგენა არტქეოლოგიური შესწავლით უნდა მოხდეს. (მისი სახელწოდება მოსახლეობაში ვერ დავაფიქსირეთ. სამწუხაროდ მის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებშიც არ მოგვეპოვება).
შეიძლება ითქვას, რომ საყდრის მეორე ციხე პირველის ტერასულ-იარუსული გაგრძელებაა. მისი დასავლეთის კედელი ფაქტიურად პირველის აღმოსავლეთის კედელს ეყრდნობა. ეს მეორე ციხე ეკლესიასთან საკმაოდ ახლოსაა. (5- 6 მეტრის დაშორებით), სამხრეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ფრიალო ქარაფის პირიდან იწყება. ციხის კედლები დიდი ზომის (1,0-1,3 მეტრი) გათლილი ქვებით მწყობრადაა ნაშენი. ციხის შიდა ფართი საკმაოდ დიდი ზომისა იყო, რომელშიც შეინიშნებოდა ცალკე სათავსოების ნაშთები. ერთ-ერთი ასეთ სათავსოში უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი იყო მარცვლეულის შესანახი ქვითა და კირით ნაგები საკმაოდ დიდი ზომის ორმო. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს.
3) ციხე კოშკი
სოფლის განაპირას დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, გორაკზე, შემოჩენილია ციხის ნანგრევების ნაწილი, რომელსაც მოსახლეობა ,,კოშკის’’ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთთ) მიუვალია. მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდა არის ადვილად მისადგომი. სოფლის ამ უბანში ,,კოშკის“ ციხის სიახლოვეს, დღესაც შემორჩენილია დიდი ზომის თლილი ლოდებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი ნაგებობების ნაშთები.
კოშკის ჩრდილო -აღმოსავლეთით დღესაც შეიმჩნევა საკმაოდ დიდი სიგანის (დაახლოებიტ 2,5-3 მეტრი) კირხსნარით ნაგები გალავნის ნაშთები, რომლებიც აღმოსავლეთით ბუნებრივ კლდეს უერთდება. თვითონ ციხე ნაგებია კირხსნარით. გ. ბოჭორიძის თქმით, მთავარანგელოზის ,,ეკლესიის ჩრდილოეთით არის კოშკი ქვითკირით ნაშენი, მასზედ არის 12 ბათმანიანი ქვევრი ქვის სარქველით.“ (გ. ბოჭორიძე ,,მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“ გვ. 225).
კოშკის ციხის გორაკს სამხრეთით და და ჩრდილოეთით ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები) აქვს. ამ ფაქტან დაკავშირებით გ. ბოჭორიძე აღნიშნავს ,, ეს კოშკი დგას ციცაბო კლდეზე, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს ღრმა ხევები. მის ქვემოთ არის მრავალი მაღარო კლდეში. ზოგი ქვითკირით ნაშენი, ზოგში დარჩენილია ხისა და რკინის ნაწილები“. (გ. ბოჭორიძე, დას. ლიტ., გვ. 225). როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ მღვიმეებს საშეშროების დროს ,,სახიზრებად იყენებდა“.
კოშკის ციხის გარკვეული ნაწილი დიდი ზომის თლილი ლოდებით რომ უნდა ყოფილიყო ნაშენი ამას მოწმობს იქიდან დაგორებული ასომთავრულ წარწერიანი, გათლილ-გამოკვეთილი კედლის ქვა, რომელიც სოფლიდან ნიჯგორისკენ მიმავალ ბილიკთან ახლოს მარჯვენა მხარეს დიდი ხნის განმავლობაში იდო. მისმა წარწერამ არაერთი მკვლევარის (მ. ბროსე, რ.ცისკარიშვილი, გ. ბოჭორიძე, დ. ბერძენიშვილის და სხვ.) ყურადღება მიიქცია. XX ს -ის 60 -იან წლებში ეს წარწერიანი ქვა გადატანილი იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის შინაარსი ასეთია. ,, ქრისტე ადიდიე ძლიერი და უძლეველი მეფე დემეტრე, რომელმან, რე*ი მამულობით გვიბოძა და მაჭის მამული. მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერე გურგენისამან“ . დ. ბერძენიშვილის შეხედულებით ,, წარწერა XII საუკუნისა უნდა იყოს, რეხი კი საროსთან ადგილის დამახასიათებელი სახელწოდება ყოფილიყო. რეხი კი ქვიანი გზაა კლდოვან კალთაზე. (დ ბერძენიშვილი ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. გვ. 87).
დარბაზული სახლები
ასპინძაში, სოფელ საროში მრავლადაა დარბაზული სახლები, ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული ასპანიძე–(ფანასკერტელების) დარბაზია.
დარბაზული სახლი – ერდოიან-გვირგვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლია. “დარბაზი” როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნიდან გვხვდება. დარბაზულ სახლში ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსი (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვა) ჰორიზონტალურად ყოფილა განლაგებული ერთ ჭერქვეშ. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვაა. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა.
კონსტრუქციული თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ძველი მესხური საცხოვრისები შემორჩენილია, სოფელ, ჭობარეთში, ზველში, ტოლოშში, საროში, ხიზაბავრაში, ვარგავში, თოკში, აწყვიტაში და ზედა თმოგვში (აგარაში). ეს უნიკალური ნაგებობები თავისი არქიტექტურული თვალსაზრისით, არამარტო ეროვნული, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა.
2012 წელს 62 მესხურ ოდა სახლებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ბოლო მონაცემებით საცხოვრისების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სიძველის გამო, დანგრეულ სახლების მეპატრონეები თვითნებურად აღადგენენ, ასეთ შემთხვევაში ძეგლის ავთენტურობა ირღვევა, აქედან გამომდინარე შეიძლება ახლო მომავალში განადგურებული ან მთლიანად სხვა სახის საცხოვრისები დაგვხვდეს.
ქვეუბნის ციხე
ზემო ანუ საყდრის ციხეები
ციხე კოშკი
დარბაზული სახლები
ბუნებრივი და ხელით კლდეში ნაკვეთი მღვიმე–სახიზრები
თავის დროზე აკად. ნ.ბერძენიშვილი აღნიშნავდა: საროს ტრიტორიაზე ,,მტკვრის პირიდან ჯავახეთში შემავალი გზის ჩამკეტი უძველესი მღვიმე ს–სახიზრები უეჭველია საინტერესო საინტერესო გადმოცემებთან იქნება დაკავშირებული.’’ (იქვე გვ. 172)
სოფელ საროს სიახლოვეს არაერთი ბუნებრივი თუ ხელით გამოკვეთილი თავდაცვითი მღვიმე და სახიზარი – თავშესაფარი ფიქსირდება, რომელიც ,,ქვაბიკარის’’ ქვაბულის მიუვალ კლდეებშია გამოკვეთილი.
სოფელ საროს სიახლოვეს არაერთი ბუნებრივი თუ ხელით გამოკვეთილი თავდაცვითი მღვიმე და სახიზარი – თავშესაფარი ფიქსირდება, რომლებიც ,,ქვაბიკარის“ ქვაბულის მიუვალ კლეებში იყო განლაგებული.
ქვაბიკარი არის უზარმაზარი ბუნებრივი ქვაბული, რომლის სიღრმე 500 მეტრზე, ხოლო სიგანე 300 მეტრზე მეტი იქნებოდა. იგი სამი მხრიდან ( ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთით ) მიუვალი კლდეებითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ სამხრეთიდან არის ღია. ქვაბიკარიდან გამოდის წყალი რომლითაც ნიჯგორის ბაღები ირწყვება.
ქვაბიკარის ქვაბული იმ მხრივ არის საინტერესო, რომ მის კლდეებშია (სამხრეთით და ჩრდილოეთით) განლაგებული არაერთი ბუნებრივი თუ ხელით გამოქვაბული სახიზარი —-თავშესაფარი (ქვაბიკარში ჩამოდის სოფელ საროდან და ხიზაბავრიდან გამომავალი საკმაოდ ფართო სიგანისა და სიმაღლის ხერლოვნურად გამოკვეთილ -ამოშენებული დარნები). ზოგიერთ სახიზარს მოსახლეობა გარკვეული სახელითაც მოიხსენიებს. საილუსტრაციოდ ზოგიერთ მათგანის მოკლე აღწერილობას მოვიტანთ:
,,ფოლადაბუნე.“ გორაკს რომელზედაც კოშკის ციხე დგას, ჩრდილოეთის მხრიდან ძალიან დაქანებული (იქ გამვლელს ფეხის მოკიდებაც კი უჭირს), დაახლოებით 150-200 მეტრის სიგრძის ფერდობი ესაზღვრება, რომელსაც მოსახლეობა ,,ჩრდილებს“ უწოდებს. ფერდობის დამთავრების შემდეგ იწყება დაახლოებით 250-300 მეტრი სიგრძის ფრიოალო , ვერტიკალური კლდე ქვაბიკარის ძირისკენ (სიღრმიოსკენ). ამ კლდის ქვემო წელში საკმაოდ დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულია, რომელთანაც მისასვლელი დასავლეთის მხრიდან საკმაოდ ძნელად გასასვლელი საცალფეხო ბილიკია. ამ გამოქვაბულს მოსახლეობა ,,ფოლადაბუნეს“ უწოდებს (სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ, რატომ უწოდებენ ამ სახელს).
გამოქვაბულის ფართობი საკმაოდ დიდია. მასში შეიმჩნევა ადამიანთა ყოფნის კვალი.(კერის კვალი , თახჩისმაგვარი სათავსოები ხელოვნურად გამოკვეთილი და ა.შ.) როგორც ჩანს ეს გამოქვაბული თავისი ბუნებრივი მდგომარეობით, ხანგრძლივი დროისათვის საკმაოდ საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. გადმოცემით შიშიანობის დროს (მომხვდურის შემოსევებისას. სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ მღვიმეებში იხიზნებოდა, რადგან იგი ბუნებრივად იყო გამაგრებული და ერთი ვიწრო ძნელად მისასვლელი ბილიკის გამო მომხვდურთაგან დაცვა ადვილად შეიძლებოდა. ფოლადაუბნის მღვიმის პარალელურად , აღმოსავლეთით სალ , მიუვალ კლდეებში შეუიარაღებელი თვალით ადვილად შეინიშნება ხელით ნაკვეთი სენაკები თუ სახიზრები. გადმოცემით ამ კლდეში არაერთი ოთახი-სადგომი ყოფილა გამოკვეთილი რამდენიმე სართულად. თუ ეს სიმართლეს შეეფერება, მაშინ მაშინ შეიძლება ითქვას რომეს არა დროებითი შესაფარი არამედ ხანგრძლივი დროისათვის მთელი საცხოვრებელი კომპლექსი ყოფილა შექმნილი.
ხიზაბავრა
სოფლის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს: ხიზების, ობოლეთის (IX-X სს.), ღართის (XIII ს.), „ღვთისმშობლის“ (XVI ს.), ღარიბათ (XIX ს.), „იესოს გულის (XIX ს.), უნაგირის ნასოფლარი ეკლესიები, ციხე (XIII საუკუნიდან), დარნები – მიწისქვეშა გვირაბები რომელზეც დგას სოფელი და რომელიც დღემდე მეცნიერულად შეუსწავლელია, სოფლის ტერიტორისაზე არსებობს ე. წ. „სამყინვარო“, რომელიც სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენებოდა ასეთივე დანიშნულების იყო ე. წ. „ვარანტების აბანო“, რომელსა დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
ისტორიული და სხვა მასალებით ირკვევა, რომ სიფელი ხიზაბავრა, სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა, როგორც სტრატეგიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რამდენადაც მასზე გადიოდა სამცხისა და ჯავახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.
ხიზაბავრის ისტორიაში საყურადღებოა ისიც, რომ მის მოსახლეობას, ისტორიული აუცილებლობიდან გამომდინარე კათოლიკობის მიღება მოუხდა, მაგრამ მან ჯავახეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით არ გაიზარდა და თავიდან ეროვნული გადაგვარება – გასომხება.
ხიზაბავრის ყოფა-ცხოვრებაში საუკუნეთა მანძილზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებს. აქ ძირითადად აღინიშნებოდა: შობა-ახალი წელი, ბედობა, წყალკურთხევა, ყველიერი, აღდგომა, ვარდი მოფინება, ფერისცვალება. აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალი წეს-ჩვეულება და რელიგიური რიტუალი ფიქსირდება.
სოფლის ისტორიას ამდიდრებს და საინტერესოს ხდის აქ განვითარებული ისტორიული მოვლენები. კერძოდ, მეფე აშოტ კურაპალატის მიერ არაბი სარდლის ხალილას სასტიკი დამარცხება და ასპინძის ბრძოლაში გამარჯვებული მეფე ერეკლე -II ის ნადიმი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამცხე-ჯავახეთში ხიზაბავრა ფალავნების კერად იყო ცნობილი.
ხიზაბავრის ,,წმ. გიორგის” სახელობის ეკლესია
სოფლის ცენტრში წყაროსთან არის ეკლესია, რომელსაც ,,ღარიბათ’’ ანუ ,,ღართის ეკლესიას’’ უწოდებენ. აგებულია მეცამეტე საუკუნეში ლაშა- გიორგის დროს. ეკლესია პატარაა და წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ნაგებობას. ნაგებია თლილი ბაზალტით, გადახურულია ქვის ლორფინით, სახურავზე დასავლეთით ადგას მცირე გუმბათიანი ეკლესიის მაკეტი. ეკლესიაზე არის წარწერა ,,ქრისტე…მამაი სულთა და გიორგი შეიწყალე” ეკლესია ამჟამად მოქმედია.
ხიზაბავრის ,,წმ. გიორგის” სახელობის ეკლესია
სოფლის ცენტრში წყაროსთან არის ეკლესია, რომელსაც ,,ღარიბათ’’ ანუ ,,ღართის ეკლესიას’’ უწოდებენ. აგებულია მეცამეტე საუკუნეში ლაშა- გიორგის დროს. ეკლესია პატარაა და წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ნაგებობას. ნაგებია თლილი ბაზალტით, გადახურულია ქვის ლორფინით, სახურავზე დასავლეთით ადგას მცირე გუმბათიანი ეკლესიის მაკეტი. ეკლესიაზე არის წარწერა ,,ქრისტე…მამაი სულთა და გიორგი შეიწყალე” ეკლესია ამჟამად მოქმედია.
ჟამის ქვა
ხიზაბავრაში არის ვებერთელა ქვა, რომელსაც ჟამიას ქვას უწოდებენ, მისი წონა დაახლოებით 3,5 ტონაა. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვით „წინათ ქვა რბილი ყოფილა, 9 ძმა დევი მისჯდომია და ეს მიწაზე მჯდარი ქვა თავით აუყენებიათ. აქვე დასძენენ რომ სოფელში დიდხანს ყოფილა ჭირიანობა, ვერაფრით მოუშორებიათ, 9 ძმა დევი შეშველებიათ და მათ სოფლიდან ჟამი-ჭირი განუდევნიათ. გზა ამ ლოდით ჩაუკეტავთ და სოფელი განადგურებისაგან უხსნიათ. მას შემდეგ ამ ქვას ჟამის ქვას უწოდებენ.
ხიზაბავრის კათოლიკური ეკლესია
აღსანღიშნავია, ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მიიღო კათოლიკობა, ააშენეს პირველი კათოლიკური ეკლესია (“ჯვართ ამაღლების ეკლესია”-XVI). შემდეგ, უკვე 1828 წელს სოფლის მღვდელს, ანტონ ხუციშვილს აუგია “ღვთის მშობლის” ეკლესია, რომელიც სულ მალე მცირე აღმოჩენილა მრევლისთვის. ამან გამოიწვია, რომ ხიზაბავრაში აშენდა ახალი კათოლიკური ეკლესია, კათოლიკე მღვდლის-მიხეილ ვარძელაშვილის მიერ. ეკლესიას “იესოს გული” უწოდა, კურთხევა მოხდა 1900 წლის 25 ივნისს. კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ აღორძინდა ხიზაბავრას კათოლიკური ეკლესია.
ნასოფლარ ,,ხიზის’’ ეკლესია
ხიზაბავრიდან 2 კმ-ში, სამხრეთ დასავლეთით არის ნასოფლარი ხიზა, სადაც შემორჩენილია წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. რომელიც არქიტ. სტილით განვ. შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი კარი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ნაგებობის ნახევარზე მეტი დანგრეული იყო. ძეგლის გარშემო ტერიტორია, რომელიც მიწით იყო დაფარული გაიწმინდა და აღმოჩნდა მიცვალებულთა ძვლები, რომელიც ეკლესიის სიახლოვეს სამხრეთ-დასავლეთით დაკრძალეს. ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა 2012 წელს.
,,ობოლეთის’’ ეკლესია
ხიზაბავრის აღმოსავლეთით 8 კმ-ში მდებარეობს საკმაოდ მოზრდილი ,,ობოლეთის” ორ ნავიანი IX ს-ის ეკლესია. გადმოცემით ობოლეთი ომში დაღუპულ ქვრივთა თავშესაფარი ყოფილა. ეკლესია ნაკურთხია ,,წმ. კვირიკესა და ივლიტეს სახოლობაზე” ნაგებია უხეშად თლილი ქვით. სარკმლის ქვეშ არის ასომთავრული ხუთ (ს.ა.ლ.ე.წ.) ასოიანი წარწერა. ძეგლზე ამჟამად ძირითადი სარესტავრაციო სამუშაოები, დასრულებულია.
სოფელ თოკის ეკლესია
ასპინძიდან 25 კმ-ში სოფელ თოკში არის დარბაზული ეკლესია .თარიღდება X ს-ით. ეზოში არის მაკეტი, სტელები და ძველი სასაფლაო. მიმდინარეობს გალავნისა და ეზოს კეთილმოწყობა. ეკლესია გადახურული იყო ლორფინით, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მოუხსნიათ, რომლის ნაწილი ეკლესიის გარშემო ეზოშია დალაგებული. შიგნიდან თეთრად არის შელესილი. ეკლესია ამჟამად მოქმედია..
ნაგებია ნაცრისფერი ვულკანური ქვით, ზოგან ბაზალტი და ტუფია გამოყენებული. დარბაზულ ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზის სივრცე ერთსაფეხურიანი პილასტრების ორის წყვილით და საბჯენი თაღით გამოყოფილია სამ ნაწილად (აფსიდისწინა მონაკვეთი ვიწროა და ბემის მსგავსი სივრცე იქმნება).
ეკლესია ოთხივე კედელში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. გრძივ კელდებში გაჭრილი სარკმლები ტაძრისათვის უჩვეულოდ განიერია და გვიან (სავარაუდოდ XVIII-XIX საუკუნეებში) გადაკეთებული უნდა იყოს, თუმცა საკულტო ნაგებობათა „ხალხურ“ მშენებლობაში მოულოდნელი, საცხოვრებლის, ელემენტები ხშირად იჩენს თავს.
ტაძრის ინტერიერი და საფასადო მორთულობა მარტივია, ერთადერთი სამკაული საკურთხევლის სარკმლის თავსართია. აგურისფერ ტუფის სწორკუთხა ქვაში ამოკვეთილია სარკმლის თავსართი, ქვის ზედაპირზე ტოლმკლავა ჯვარი და მის გარშემო ზოლოვანი არშიითაა შევსებული (რელიეფი გამოყვანილია ფონის ჩაწევით).
ტაძრის ფასადები ერთსაფეხურიანი თაროსებრი კარნიზით აა დასრულებული. წმინდა გიორგის ეკლესია პროპორციებით, წყობის ხასიათითა და საკურთხევლის სარკმლის თავსართის გადაწყვეტით XIV საუკუნედ შეიძლება დათარიღდეს, შესრულების ხარისხი ამ საუკუნის მეორე ნახევარზე მიგვანიშნებს.
წმინდა გიორგის ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მარტივი გეგმის მცირე დარბაზი მიაშენეს. დარბაზი და ეკლესია რესტავრირებულია და გადახურულია თუნუქის სახურავით.
სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით არის თლილი ქვით ნაგები ციხის ნანგრევი. რომლის მხოლოდ კოშკის მცირე ნაწილი არის შემორჩენილი.
,,წმ ნინოს” სახელობის ეკლესია
ეკლესია მდებარეობს სოფელ თოკის სიახლოვეს ბაღებთან. მდინარე ,,ფარავნის’’ ხეობაში, მარჯვენა მხარეს, აქ მისვლა საკმაოდ რთულია, არ აქვს სამანქანო გზა, ვინაიდან მდებარეობს კლდოვან ქარაფზე.
სავარაუდოდ, ეკლესია ,,წმ. ნინოს“ სახელობისა უნდა იყოს, მოპირადპირე მხარეს მდ. ფარავანის გაღმა ნაისას ,,წმ. გიორგის“ სახელობის ეკლესიაა – რადგან გადმოცემით ,,წმ. ნინო და წმ. გიორგი“ ორივე კაბადოკიიდან იყვნენ, მოსახლეობამ მათ სახელობაზე ააგო ეკლესიები. წმ. ნინომ ხომ ამ გზაზე გამოიარა ……ამიტომ ორივეს ერთად ადგილობრივი მოსახლეობა “და-ძმის ეკლესიებს” უწოდებს.
ძეგლი არქ. სტილით განეკუთვნება შუა საუკუნეებს. მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით. ნაგებობა ძლიერად არის დაზიანებული, , ჩამონგრეულია კამარა, მორღვეულია კედლებისა და კარნიზის ნაწილი, თავიდან ბოლომდე გაბზარულია საკურთხევლის აბსიდი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები იშლება. ეკლესიის ჩრდილოეთით აქვს ეგვტერი სამხრეთიდან კი პატარა სამლოცველოს ნანგრევები, აქედან არის ასასვლელი ეკლესიაში 7 საფეხურიანი კიბით. გასულ წლებში ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტებმა. ძეგლი საჭიროებს რესტავრაციას.
წმ. თევდორეს’’ სახელობის ეკლესია
ეკლესია დარბაზულია (გარე ზომებია: 6,6 X 12,7 მ.). საშენ მასალად ადგილობრივი პირმოსწორებული ნატეხი ქვაა გამოყენებული, კუთხეები ამოყვანილია შედარებით დიდი ზომის გათლილი ქვით. ეკლესია გარედან შეთეთრებულია, მაგრამ წყობის ხასიათი მაინც იკითხება. ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, ღიობი გადახურულია შავი ფერის გათლილი ფოროვანი ბაზალტის არქიტრავით, მის ზემოთ ასეთივე ქვის თაღოვანი ლუნეტია გამოყვანილი (ლუნეტის ღიობი ამოვსებულია გვიანდელი გადაკეთების დროს).
დარბაზის სივრცე ერთსაფეხურიანი პილასტრებითაა და საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. საკურთხეველში სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშია. ტაძარი ყოველ მხარეს თითო სარკმლით ნათდება, სარკმლები ეკლესიისათვის უჩვეულოდ განიერია და ნათლად ეტყობა XIX საუკუნის გადაკეთების კვალი. იმავე XIX საუკუნეში ტაძრის გადახურვის დასავლეთ კეხზე აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლოა აღმართული. ტაძრის ფასადები თაროსებრი კარნიზითაა დასრულებული. სახურავი კრამიტისაა. დასავლეთის ფასადზე, სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, სტელა ჯვრის მოზრდილი ფრაგმენტია ჩართული (ქვა დაწვენილია და ზედ ჯვრის კონტურია ამოღარული). ქართულ ხუროთმოძღვრებაში ასეთი ელემენტი ადრეულ შუასაუკუნეებში და გარდამავალ ხანაში გვხვდება (IV-X საუკუნეები). სტელა ჯვრის ჩაშენება ტაძარში IX-X საუკუნეების მოვლენაა.
ტოლოშის თავდაპირველი ეკელსია IX-X საუკუნეების ნაგებობა იყო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად გადააკეთეს ან აღადგინეს და ფასადის კეხზე სამრეკლოს ფანჩატური დაადგეს. ეკლესია ამჟამად მოქმედია.
„ალანძიის’’ ეკლესია
ალანძიის ეკლესია, მესხეთში ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა , მდინარე ტაშლიყიშლას მარჯვენა მხარეს. სოფელ ტოლოშიდან 1,5 კმ-ზე მიდამოები, ნასოფლარ ალანძიაში მდებარეობს..
ალანძას ეკლესიას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
,,შალოშეთის’’ ეკლესია
სოფ. ტოლოშიდან 7 კმ-ში, ნასოფლარ შალოშეთში (ზღვის დონიდან 1722 მ.) დგას ერთ ნავიანი დარბაზული ეკლესია. არქ. სტილით თარიღდება VIII-IX სს. ნაგებია უხეშად თლილი ქვისაგან. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული აქვს სათავსოები. სათავსოებზე მოშლილია კუთხის ქვები და შემორჩენილია კამარა. დასავლეთის მხარეს ჩამონგრეულია კუთხეებში კამარის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასვლეთიდან აქვს. დასავლეთის მინაშენის კარი და მთავარ ნავის დასავლეთის კარი ამჟამად ამოშენებული აქვს, მინაშენის კარში ჩაყოლებულია რელიეფური წარწერა…. ,, მე, ამბროსი აღვაშენე წ(მიდა) ესე ეკუდერი, სამკვიდრებლად (ჩემ)თა მიცვალებულთა’’. სამხრეთის მინაშენის კარის ქოშისა და ბალავრის ქვა მოშლილია. მთავარ ნავში კამარა ჩამონგრეულია, მორღვეულია კედლების ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის. ტაძარი შიგნიდან შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა ფრესკის კვალი. ძეგლი სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას, რადგან კედლები გარემოს ზეგავლენის გამო თანდათან ინგრევა.
„გუნდის’’ ეკლესია
ნასოფლარ შალოშეთიდან ჩრდილო დასავლეთით 3 კმ-ზე მაღალ მთაზე (ზღვის დონიდან 2058 მ.) ნასოფლარ გუნდეს ეკლესია – მდებარეობს პატარა ტბის პირას, (ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება), დარბაზული ტიპის, მომრგვალებული შვერილი აფსიდით, სავარაუდოდ, აგებულია IX-X ს.ს.-ში. ძეგლი საგრძნობლად დაზიანებულია.
ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტით, არ აქვს სახურავი, საკურთხევლის და დასავლეთის მხარეს კამარა ჩამონგრეულია. ჩრდილოეთის კედლის ფასადის ნახევარი მორღვეულია. დასავლეთით აქვს ეკვდერი, რასაც ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლები დანგრეული აქვს, კამარა ჩანგრეულია.
ნამოსახლარზე რაც ეკლესიის დასავლეთითაა…კარგად ჩანს შენობების ნაშთები, რომელთა კედლები ზოგ შემთხვევაში 2 მეტრამდე აღწევს. მათი კედლები ნაგები არის ქვით დუღაბზე ან მშრალლი წყობით. ნაგებობები უნდა ყოფილიყო ნახევრად მიწური მესხურ სტილში ნაგები.
ნამოსახლარზე შემორჩენილია ეკლესიისა და აკლდამის ნანგრევები:
ქუნცის ეკლესია
,,მაცხოვრის სახელობის“ ეკლესია – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყვიტაში (ისტ. სოფ. ქუნცაში) მდებარეობს. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (დღევანდელი მდგომარეობით – ორნავიანი ბაზილიკა). (12×8,5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული. აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში გაკეთებული სარკმლები XIX ს-ია გაჭრილი. ჩრდილოეთის ნავი ცენტრალურისგან განიერ სვეტზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. ნავების ნახევარწრიული აბსიდები ჩაწერილია. ორივე აბსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური ნავის აბსიდაში გვერდებზე თითო მართკუთხა ნიშია. საკურთხევლებში ქვის ტრაპეზები დგას. ცენტრალური ნავის კონქი მხრებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა, დარბაზის კამარა კი – ორ-ორ კონსოლებზე დაბჯენილ შეკიდულ თაღს. ოდესღაც სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული თაღი მიუთითებს, რომელიც იმპოსტებს ეყრდნობა. თაღი XIX ს. ამოუშენებიათ. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ტაძრის მორთულობას მხოლოდ დასავლეთის კედელში ჩადგმული ორი ბოლნური ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს.
ტაძარს გარშემოვლებული ქონდა ქვის გალავანი. ის ტაძრის დაზიანების შემდეგ აშენებულა, რადგან მასში ჩართული იყო ბალავრის ასომთავრულ წარწერიანი ქვა, სარკმლის თაღი, და სხვა დეტალები.
ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ღირებული ძეგლია, რადგან, ის წარმოადგენს ჯავახეთის სამეკლესიანი ბაზილიკების ნიმუშს, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ეპოქებში გადაკეთების კვალი. ეკლესია მოქმედია.
ზემო (ძველ) დადეშის ეკლესია
ასპინძის მუნიციპალიტეტში აწყვიტის მიდამოებში დადეშ სოფელს ორი ძველი ნასოფლარი აქვს, ერთი მის ზემოთ და მეორე მის ქვემოთ, ზემო დადეშს ძველ დადეშს უწოდებენ, ხოლო ქვემოს კი ქვემო დადეშს (დარანეთს)…“
იგი ერკოტა და ქუცნა სოფლებს შუა მდებარეობდა.
ნასოფლარ ზემო (ძველ) დადეშში ჩრდილო-დასავლეთით, დგას დარბაზული ეკლესია, სამხრეთ- დასავლეთის მინაშენით. არქ. სტ. განეკ. გვიან შუა საუკუნ.
ამჟამად ძლიერად არის დაზიანებული, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა დარბაზშიც და მინაშენში. მორღვეულია ნაწილობრივ კედლები. შესასვლელი კარი დასავლეთიდან აქვს, სადაც ბალავრის ქვაზე გამოსახულია ჯვარი. ეკლესიის გარშემო არის ძველი საფლავები…..ძეგლი საჭიროებს შესწავლას და რესტავრაციას.
ქვემო დადეშის ეკლესია
ნასოფლარ ქვემო დადეშში ჩრდილო-აღმოსავლეთით, დგას ,,ღ+ის მშობლის შობის’’ სახელობის დარბაზული ეკლესია. შესასვლელი კარის თავზე ყოფილა სამრეკლო, რაც დანგრეულია. აგებულია 1890 წ. კარის ბალავრის ქვის თავზე ჩატანებული იყო მხედრული წარწერა, რომელიც ინახება ეკლესიაში. ნაგებობა დაზიანებულია, ძეგლზე ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, ამჟამად გადახურულია ხისა და აზბესტ-ცემენტის სახურავით, რომელიც სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან დაზიანებულია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე შეიმჩნევა ბზარები.
როკეთის ეკლესია
ნასოფლარი როკეთი არის სოფ. აწყვიტის სამხრეთ-დასავლეთით, 4 – კმ-ის დაშორებით. სადაც არის 1904 წ. აგებული წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. ძეგლი დაზიანებულია არ აქვს სახურავი. ნაწილობრივ მორღვეულია კარნიზის ქვები. ძეგლი საჭიროებს გადახურვას. კედლები კარგ მდგომარეობაშია.
ნასოფლარში არის ძველი პატარა ნაეკლესიარი, შემორჩენილია ტრაპეზის ქვა, წყარო, ხორბლის ჩასაყრელი ხაროები (ორმოები)..
როკეთი (ლეგენდა)
ალ. მაკედონელი ბერძნების ჯარების სარდალი ყოფილა, როცა წამოსულა თავისი ჯარით, მისულა კუროს თავთან, დაღამებია, დაბანაკებულა „ბნელა“ იქიდანაა ეს სახელი დარჩენილი. მას ცხენი ჰყოლია ჭალებში „კუროს თავი“, მისთვის ცხენი მოუპარავთ და დარჩენილა ამ ადგილს ეს სახელი. მეორე დღით დაუწყიათ ძებნა „კუროს თავისა,“ ჯარი ცხენთა ფლოქვების ქვეშ გაღმა ერთი მონაკვეთი ტყისა გაქუცულა, აქედანაა სახელი „ქუნცა“ ვერ უნახავთ ცხენი , როკეთში უფრო ღრმა ტყე ყოფილა დაბურული. გაუცია ბრძანება „როკეთ!“-ე.გ. გასჭარით გზა იქნებ ცხენი ვიპოვოთო; აქედან – „როკეთი“.ცხენის მომპარავებს დაუხედიათ, რომ ამანნა გვიშოვნოსო. ჯარის ყოჭიმაზე ცხენს აუწყვეტია, ამ ადგილს „აწყვიტა“ დაურქმევიათ. ცხენი გაიქცა, ჯარისკაცებმა დაიჭირეს ცხენი და ქურდები მთლიანად ამოხოცეს. (პაპა სპირიდონის მონაყოლი 1944წ.)
ქვაბიხევის კომპლექსი
სოფ. აწყვიტის ტერიტორიაზე ნასოფლარ ტაშლიყიშლას აღმოსავლეთით, ულამაზეს ვიწრო ხეობაში, მდინარე ხევას მარცხენა მხარეს არის ნასოფლარი ქვაბიხევი, სადაც არის შუა საუკუნეების ციხისა და გამოქვაბულთა კომპლექსი.
ციხის კედლები მიშენებულია კლდის მოსწორებულ ბაქანზე, სადაც კლდის შემაღლებულ მასივზე 3 სართულზე განლაგებულია გამოქვაბულები, რაც გამაგრებული იყო გალავნით, კედლების მეტი ნაწილი ძირამდე არის დანგრეული, შემორჩენილია დასავლეთის გალავნის მცირე კედელი, ხოლო მის თავზე ჩრდილოეთით კლდეზე ნალისებრი (ზურგიანი) კოშკი დგას, რაზეც სამხრეთის მხარის კედელი შუაზე ძირამდეა ჩამონგრეული. კოშკის აღმოსავლეთის ფასადზე შეიმჩნევა ბზარი.
ციხის აღმოსავლეთით ახლოს არის დიდი გამოქვაბულები, რაც საცხოვრის ან სათავსოებს არ წააგავს, ეს ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია შეუსწავლელია.
„შუადღის ”(შუატყის) ეკლესია
ნასოფლარ შუატყის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ერუშეთის მთიანეთში, ბუზმარეთის აუზში. ეკლესია არის ორნავიანი, უგუმბათო არქიტექტურული ნაგებობა. გადახურვა და კედლების გარკვეული ნაწილები მთლიანად არის ჩამოშლილი. გადახურვა შემორჩენილი აქვს ჩრდილოეთის ნავს, რომელსაც ზედა ნაწილში მხოლოდ კირის ფენა აქვს დარჩენილი. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. აღმოსავლეთის ფასადზე ძირითადი სივრცის, სარკმლის თავზე რელიეფურად გამოსახული არის ანგელოზი და სავარაუდოდ ორი ქტიტორი.
ვანის ნაეკლესიარი
მე-10 საუკუნის ვანის ეკლესია მდებარეობს ერუშეთის მთიანეთში, ბუზმარეთის აუზში.წარმოადგენს დარბაზული ტიპის არქიტექტურულ ნაგებობას. კედლები ნაგები არის დიდი ზომის თლილი შირიმის ქვებით დუღაბზე. ეკლესიის გადახურვა ჩამოქცეულია და უმეტეს ნაწილზე საპირე ქვები ჩამოშლილია.ეკლესიას შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან, რომლის ბალავრის ქვაზე ჰორიზონტალურად გამოსახულია ჯვარი და მის ორივე მხარეს რელიეფური მცენარეული გამოსახულების ორნამენტები. ასევე კიდევ ერთი რელიეფური ჯვარია გამოსახული ეკლესიის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში. წარწერებიდან ჩანს სახელები მარიამარი და ცხოვრება, რომლებიც ქრისტეს შესთხოვენ შენდობას.
წუნდის ეკლესია
წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ყოფილი საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი.
ეკლესია ტერასებით გარშემორტყმულ ადგილზე კლდეზეა ამოზიდული, რომელიც ქვის წყობითაა ამაღლებული. წყობის ქვედა ნაწილი უხეშად ნათალი ქვისაა. საგანგებოდ მოწყობილი ტერასის ჩრდილოეთის ნაწილი მთლიანად ეკლესიას უკავია, ტერასის სამხრეთი ნაწილი გალავანშემორტყმული ღია ბაქანია. მოგვიანებით ტაძარზე ამ მხრიდან კარიბჭე მიაშენეს, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მცირე სათავსოები დაამატეს. ეკლესია, კარიბჭე და სხვა მცირე სათავსოები ერთდროულად ნაგები არაა.
დარბაზული ეკლესია კარგად დამუშავებული ქვიშაქვითაა ამოყვანილი (გარე ზომებია: 13,6 X 6,8 მ.). მისი გეგმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განიერდება (სამხრეთი ფასადის სიგრძე ჩრდილოეთის ფასადზე ორი მეტრით მეტია). ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ხოლო დასავლეთის კარი საგულდაგულოდაა ამოშენებული, საფიქრებელია ეს კარი გალავნის აგების შემდეგ გააუქმეს. სამხრეთიდან თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით ორი, დაახლოებით ერთი ზომი კარი იყო გაჭრილი. კარიბჭის მიშენების შემდეგ ერთი კარი გააუქმეს. დარბაზის შიდა კედლები შედარებით უხეშად ნათალი ქვითაა ნაგები, კონსტრუქციული დეტალებისათვის, პილასტრებისათვის და საბჯენი თაღებისათვის გათლილი ქვიშაქვაა გამოყენებული. შემორჩენილია ძველი, დროთა განმავლობაში გაშავებული ნალესობის საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტები. ფერადოვანი ლაქების ან მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა.
დარბაზი კედლის ორსაფეხურიანი სვეტებით და საბჯენი თაღით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა (დასავლეთის მონაკვეთი, რომელსაც დასავლეთის კედლის გამო ტრაპეციული გეგმა აქვს, აჭარბებს აღმოსავლეთის ნაწილს). ტაძრის გრძივი კედლები არაა თანაბარი ზომის. უზუსტობის შესამსუბუქებლად ტაძრის დასავლეთ ნაწილში, ამოქოლილი კარის ასწვრივ კრონშტეინზე გადაყვანილი საბჯენი თაღი ჩნდება. გრძივ კედლებზე აფსიდის მხარეს პილასტრსა და დასავლეთის კედელს შორის კედელი ერთი საფეხურით ღრმავდება, რომელიც ზემოდან თაღით მთავრდება. ნახევარწრიულ, ღრმა საკურთხეველში სარკმლში სარკმლის გვერდებზე სიმეტრიულად განთავსებული ორი საკმაოდ მაღალი ნახევარწრიული გეგმის კონქით გადახურული ნიშია. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება. საკურთხევლისა და დასავლეთის სარკმლები საკმაოდ მაღალი პროპორციებისაა. დარბაზი ძირითადად აქედან ნათდება, რადგან სამხრეთის ორი სარკმელი წრიულია და საკმაოდ მაღლაა გაჭრილი.
სამხრეთიდან ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს ოთხ სვეტზე აღმართული ღია თაღებიანი კარიბჭე. თაღებს შორის აფრების მეშვეობით გადახურვის წრიული საფუძველია მიღებული, რომელიც სფერული კამარით იყო გადახურული (დღევანდელი გადახურვა გვინა აღდგენილი). კარიბჭე აღმოსავლეთით სწორკუთხა მოცულობითაა გამდიდრებული. გალავნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები ეკლესიის კედლების ხაზს აგრძელებს, სამხრეთის კედლის გეგმა საყრდენი კედლის კონტურს მიუყვება. კედლის სისქე ერთ მეტრს აჭარბებს.
ტაძარს მისასვლელი დასავლეთიდან აქვს და პირველ რიგში დასავლეთის ფასადი ხვდება თვალს. მაღალი, მწყობრი პროპორციების ფასადზე კარი გადახურულია მწვანე ფერის ქვიშაქვის არქიტრავით, რომელმაც ტაძრის სამშენებლო წარწერა შემოგვინახა. კარს და არქიტრავს ინტერვალით შეწყვილებულ ლილვიანი სადა მოჩარჩოება უვლის, რომელშიც ჯვრებითა და ვარდულებით შემკული კვადრატული კაპიტელებია ჩასმული. არქიტრავის თავზე მცირე ზომის ჯვარია ყურძნის მტევნებით. კარის თავზე სარკმლის საპირე შემოკავებულია ორმაგი წნული ლილვითა და კუთხეებში ჩასმული კვადრატული ფილებით, ორნამენტისათვის ადრე შემკულია ერთმანეთში გადამჯდარი წრეების ჯაჭვის და რომბების დეკორით. ფასადზე ცარიელი სიბრტყის შეავსებად კიდეებთან მცირე ზომის თაღიანი დეკორატიული ჯვრებია ამოკვეთილი.
დასავლეთის კარის არქიტრავზე განთავსბულ სამშენებლო წარწერას არაერთმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება: მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ივ. როსტომაშვილი, გ. ბოჭორიძე, კ. მელითაური, ვ. ცისკარიშვილი. მკაფიო სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა კარგადაა შენახული. მის წაკითხვას ართულებს ზედმეტი დაქარაგმებები, აქ თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებულია. ტექსტი კოტე მელითაურმა ძველ გამოცემებს შეადარა და ადგილზე ჩასწორების შედეგად შემდეგნაირად წაიკითხა: „ქ. სახელი ღმრთისაითა მე იჩქითმან გურგენის ძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მამული ჩუენი სახელსა ზედა წმიდისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ჩემთვის და მშობელთა ჩემთათვის“.
იჩქით გურგენისძე ისტორიულ წყაროებში რამდენიმეჯერ გვხვდება. ნახსენებია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის 76-ე აღაპში, ვანის ქვაბების კლდეში გამოკვეთილი გუმბათიანი ეკლესიის ორ წარწერაში. ეს წარწერები აღმოაჩინა და პირველად გამოაქვეყნა გ. გაფრინდაშვილმა. მისი კვლევით იჩქით გურგენის ძე თამარის დროის ძლიერი ფეოდალია. წარწერის პალეოგრაფიაც თამარის ეპოქაზე მიგვანიშნებს.
ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული გაფორმება, ორნამენტაციის რეპერტუარი, ქვაზე კვეთის ოსტატობა და წარწერის პალეოგრაფია XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზეა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ წუნდის ტაძარი თამარის ეპოქის ნაგებობაა. კარიბჭე მიშენებულია გვიან. დეკორის ხასიათი და შესრულება XIV საუკუნის ორნამენტაციასთან პარალელს პოულობს.
წუნდის რესტავრაცის 1938 წელს სიძველეთა დაცვის კომიტეტმა ჩაატარა (ამ დროს გაიწმინდა და ნაწილობრივ გამაგრდა ეკლესია). სრული რესტავრაცია ტაძარს 1982 წელს ჩაუტარდა (არქიტექტორ-რესტავრატორი ტ. მჭედლიშვილი).
ქვაბთა კომპლექსები
ქვაბთა მშენებლობის ხელოვნებას დიდი ხნის ისტორია აქვს და წარმოადგენს ქართული ერის თვითმყოფად კულტურას. იგი ორი, საერო და საკულტო მიმართულებით ვითარდება. საერო მიმართულების ბრწყინვალე მაგალითია უფლისციხე, რომელიც თარიღდება V-III საუკუნეებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საკულტო მიმართულებისა კი დავითგარეჯის, შიომღვიმისა და ზედაზნის უდაბნო- მონასტრები, რომლებიც თარიღდებიან ჩვენი წელთაღრიცხვის VI-IX საუკუნეებით. Aასევე ვარძიის მამათა მონასტერიც, რომელიც უფრო გვიანი პერიოდის, XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ქვაბულთა კომპლექსებს მრავლად შეხვდებით მდინარე მტკვრის ხეობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაგალითად; მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე სოფელ ნაქალაქევის მიდამოებში მდებარეობს ჭოლთის/ჯოლდის/- ქვაბთა კომპლექსი.E თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. XIV საუკუნეში სწორედ აქ დაიწერა ბექა- აღბუღას ცნობილი იურიდიული სამართალის წიგნი.
მსგავსი ქვაბულის კომპლექსებია VII-VIII საუკუნის, სოფელ ხერთვისის, გულსუნდის, მარნისკარის, ნავარძიევის, ფიის, ბერთა ყანის, ბერის ხევი, ანანაური, მირაშხანი, ახჩიის, ოლოდა მგელციხის (თურქეთის საზღვრის გასწვრივ არსებული კომპლექსი) და ვარძიის ჩრდილო დასავლეთით გაღმა ჭაჭკარი და სხვა უცნობი ძეგლები.
ზედა თმოგვი
ზედა თმოგვის ეკლესია – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII-IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.
თმოგვის ციხე
ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ისტ. ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი.
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ-ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა.
„მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით…“
გალავნის შიგნით რამოდენიმე მცირე ზომის ეკლესია და ნაეკლესიარებია, რომელთაგან ერთ-ერთი მოხატულია. ციხე 1088 და 1283 წელს მომხდარმა დიდმა მიწისძვრებმა დაანგრია. 1283 წელს მომხდარ მიწისძვრას, სხვადასხვა წყაროების ცნობით თან ახლდა ვულკანური ამოფრქვევაც, მცირე კავკასიონის მთათა სისტემაზეც.
მართალია ციხე ძალიან არის დაზიანებული, მაგრამ დღემდე თვალში საცემია მისი გრანდიოზულობა.
ასევე ადვილი შესამჩნევია ციხის ძირში მდებარე ნასოფლარიც, თავისი ქუჩებითა და უძველესი ნასახლარებით გარდა ამისა სხვაც უამრავი ლეგენდა თუ თქმულებაა დაკავშირებული თმოგვის ციხესთან, ამჟამად თმოგვის ციხე მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ვანის ქვაბები
სოფელ თმოგვიდან სამი კილომეტრის დაშორებით, კლდეში ნაკვეთი ეს კომპლექსი VIII-XVI საუკუნეებშია აგებული. მრავალდონიანი მონასტრის ნაგებობებს შორისაა დარბაზული ეკლესიები, ბერების სენაკები, სასაწყობო სათავსოები, გვირაბებისა და წყალმომარაგების სისტემის ნაშთები. კომპლექსის გუმბათოვანი ეკლესია 1180წელს აღადგინეს. კომპლექსის სიახლოვეს შეხვდებით გალავნის ნანგრევებსაც, რომელიც 1204 წელს მეფე თამარის ბრძანებით აუშენებიათ.
მონასტერი ვანის ქვაბები კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც კვეთის სტილისა და სისუფთავის თანდათანობითი განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს. ვარძიისაგან განსხვავებით აქ კლდეში კვეთის ნიმუშები საკმაოდ უხეშია, რასაც ალბათ მისი დანიშნულება (ის ვარძიისაგან განსხვავებით მხოლოდ მონასტერი იყო და არ ჰქონია სამეფო რეზიდენციის, ან სამხედრო ქალაქის დანიშნულება) და ის მასალა განაპირობებდა რომელშიც ხდებოდა კომპლექსის გამოკვეთა. ვანის ქვაბების მთელი კომპლექსი გამოკვეთილია ვულკანური წარმოშობის, უხეშ კონგლომერატოვან ფენაში რაც რა თქმა უნდა ართულებდა კვეთას. გამოქვაბულთა უმაღლეს სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, სდაც შემორჩენილია XV საუკუნის მეორე ნახევარში მონაზონი ქალების მიერ მელნით შესრულებული წარწერები შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან”
გადმოცემის თანახმად მონასტერში მცხოვრებთ ტიპიკონი გარეთ გამოსვლის ნებას მხოლოდ კვირაში ორჯერ აძლევდა.
სამონასტრო კომპლექსი დღეისათვის ძალიან არის დანგრეული, იგი მიწისძვრების შედეგად იქნა დაზიანებული.
ვარძია
ვარძია
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში – თბილისიდან 300 კილომეტრის დაშორებით. ვარძიის ქვაბთა კომპლექსი წარმოადგენს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე 100 მეტრი სიმაღლის, 500 მეტრი სიგრძის კლდეში 12 სართულად ნაკვეთ ქალაქს. უნიკალური-კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესახებ მცირე ისტორიული ცნობები გვაქვს ხელთ. თითქმის დაინგრა და დაიღუპა ყველაფერი ის, რასაც შეეძლო მოეთხრო ჩვენთვის ვარძიის ციხე-სიმაგრისა და მონასტრის ისტორიულ ბედზე, მაგრამ თამარ მეფის მეისტორიეების –“ისტორიანი დაა აზმანი შარავანდედთანის” და “ბასილი ეზოსმოძღვრის” თხზულებები, XVI საუკუნის სპარსი ისტორიკოსის ჰასან ბეგ რუმლუს თხზულება, ლიპარიდული წარწერების ძუნწი ცნობები და თვით ვარძიის ტაძრის კედლის მხატვრობა შესაძლებელს ხდის ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ ვარძიის ისტორია და მისი როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თვით კლდე, სადაც გამოკვეთილია ვარძიის არქიტექტურული კომპლექსი შედგება სამი ფენისაგან. ქვედა ფენა წარმოადგენს რუხ ტუფ ქვიშა ქვებს და ტუფობ ბრეკჩიებს. მეორე მეორე ფენა კი მუქ რუხ, მსხვილ ნამსხვრევ ბრეკჩიებს. სწორედ მეორე ფენაშია გამოკვეთილი ვარძიის გამოქვაბულთა უმრავლესობა.
კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებმა, ბუნებრივმა სათავდაცვო პირობებმა და წყლის არსებობამ განაპირობა მშენებლობისათვის სწორედ ამ ადგილის შერჩევა.
ვარძია მშენებლობის მიხედვით იყოფა სამ პერიოდად.
I პერიოდი მოიცავს გიორგი მესამის მეფობას.(1156-1184 ) ამ პერიოდს მიეკუთვნება ვარძიის გამოქვაბულთაA და ნაგებობათა უმეტესობა, გარდა მცირე გამონაკლისისა. ამავე პერიოდში მოხდა ასევე ზედა ვარძიიდან წყალსადენი გვირაბის გამოყვანა და ვარძიის წყაროს წყლით მომარაგება.
მშენებლობის II პერიოდი მოიცავს 1182-1186წლებს. ესე იგი პერიოდს თამარ მეფის გამეფებიდან მის გათხოვებამდე. ამ პერიოდში თამარმა მანმადე არსებული გეგმა ნაწილობრივ შეცვალა. მისივე მითითებითა და ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივით აშენდა და მოიხატა ანსამბლის ცენტრში ტაძარი და სტოა.
III პერიოდი მშენებლობისა მოიცავს 1186-1203 წლებს. ესე იგი პერიოდს ტაძრის მოხატვიდან ბასიანის ომამდე. ამ პერიოდში მთავრდება საზოგადოებრივი და სამონაზვნო კლდის სახეების გამოკვეთა.
ზედა ვარძია
ზედა ვარძია მდებარეობს ვარძიიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდინარე მტკვრის
მარცხრენა მხარეს ულამაზეს ვიწრო ხეობაში.
,,ღვთისმშობლის’’ სახელობის XI საუკუნით დათარიღებული ბაზილიკური ეკლესიით. იგი აუშენებია კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის მიერ დაახლოებით 1054-1056 წლებში. ეკლესია მოხატული ყოფილა. ასე იკითხება
,,ქ. დედაო ღმრთისაო, მეოხ იყავ ერისთავთ ერისთავისა ლიპარიტ და შვილთა მისთა დღესა საშინელსა, რომელმან გულმოდგინებით აღგიშენა წმინდაი ესე ეკლესია ამინ”.მხატვრობის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტებიდან გაირკვა ფრესკების ქტიტორის, აფრიდონის სახელი. იგი გიორგი III მეფობის დროს მსახურთუხუცესი ყოფილა, რომელიც ფლობდა თმოგვს. ისტორიკოსის “ისტორიანისა და აზმანი შარავანდედისანის” ცნობით მონასტერი ვარძიაში ზედა ვარძიიდან გადმოსულა.
ამჟამად ზედა ვარძიში დედათა მონასტრია.
იოანე ნათლისმცემლის (თავკვეთულას) სახელობის ეკლესია
ნასოფლარი ვერტაში
ნასოფლარი ,,ვერტაში“ მდებარეობს ისტორიულ ქვემო ჯავახეთში, ვარძიასა და მირაშხანს შორის, ვარძიიდან 4 კმ. დაშორებით, დიდი კანიონის მაღალი კლდის მასივში, ბუნებრივი რელიეფით შემოსაზღვრულ მდინარე მტკვარის მარჯვენა ნაპირზე, ჯავახეთის მხრიდან მშრალი ხევის შესართავთან მარჯვენა მხარეს კარგად არის შემორჩენილი ნამოსახლარის ნაშთები, რომლებიც გვიანი შუა საუკუნეების ნაგებობებს წარმოადგენს.
ნამოსახლარის ტერიტორიაზე, მდინარიდან ჩდილო აღმოსავლეთით დაახლობით 300 მეტრის მოშორებით მნახველის თვალწინ აღიმართება მაღალი კლდე, სადაც ერთმანეთის თავზე კარისა და სარკმლის ღიობებია გაჭრილი, განთავსებულია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ,,იოანე ნათლისმცემლის“ (თავკვეთულას) სახელობის მამათა მონასტერი.
კლდის ფასადზე ტაძარში შესასვლელი მცირე ზომის დაბალი კარია შეჭრილი. რომლის ბალავრის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. შესასვლელში ქვის მაღალი ძლიერად დამბრეცი კიბეა, რომლის საფეხურები თითქმის მთლიანად გაცვეთილია და მიდგმულია ხის ახალი რკინის კიბე.
ვიწრო ბნელ კიბეზე ამსვლელი, ხვრელების გავლით კლდეში ნაკვეთი ეკლესიის საკმაოდ დიდ და ფართო სივრცეში დასავლეთის მონაკვეთის იატაკიდან აღმოჩნდება.
ტრიკონქის ტიპის ეკლესია მხოლოდ ერთი სარკმლით ნათდება, თუმცა ინტრიერი ჩაშენებული არა;
საკურთხეველი ნალისებური მოხაზულობისაა, სამმაგი თაღით; იგი ორი საფეხურით და ამბიონითაა ამაღლებული. მის ცენტრში დიდი ზომის კვადრატული მასიური ტრაპეზის ქვაა.
გვერდითი აბსიდები შედარებით მცირე ზომისაა დასრულებული სამმაგი თაღით; მათ აღმოსავლეთ კიდეებში სახატე ნიშებია ამოკვეთილი. საინტერესოა ნიში სამხრეთის კედელში სადაც სანათლავია მოწყობილი.
დასავლეთის მკლავში შემორჩენილია ფოსოები, რაც ცხადყოფს, რომ აქ პატრონიკე იყო მოწყობილი. აქვე დიდი ზომის ორი ქვის წრიული ლოდია რომელთა საშუალებით ტაძარი იკეტებოდა.
ეკლესიის აღმოსავლეთით დაახლოებით 450 მეტრის მოშორებით კლდის თავზე რთულად მისადგომ გამოქვაბულში, მტკვრის დონიდან 150 მეტრ სიმაღლეზე, რასაც მოსახლეობა გამოქვაბულებს ,,სამერცხლეს“ უწოდებს, გ. გაფრინდაშვილმა მიაკვლია შესანიშნავ ძველ ქართულ წარწერას; წარწერის ტექსტში მოთხრობილია XI ს-ის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ერისთავთა ერისთავის ,,ფარმან თმოგველის“ ცხოვრების დასასრული, რაც საისტორიო წყაროებით ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო….(გ.გაფრინდაშვილი, ჟურნ. ,,მეცნიერება და ტექნიკა“, 9, 1953,გვ. 35-36.) (ვ.სილოგავა. ასპინძა სამცხის და ჯვახეთის საზღვარზე., ახალციხე2000. გვ 201)
სხვა ისტორიული წყაროები ამ ძეგლების შესახებ არ მოიპოვება..
ოცი წელია მამათა მონასტერში ყოველი წლის 11 სექტემბერს, დღესასწაულებზე აღევლინება წირვა-ლოცვა, საქართველოს ყველა კუთხიდან მოედინება მრევლი, აღდგა სამონასტრო ცხოვრებაც.
,,აგარის” ეკლესია
ნასოფლარი აგარის აღმოსავლეთით დგას თლილი ქვით 1808 წელს ნაგები ეკლესია ფართო სარკმლებით და გაუფორმებელი ფასადებით. ინტერიერი თანაბარპილასტრიანია, სივრცე ფართო, საკურთხეველში ნიშები აქვს დატანებული. შესასვლელის არქიტრავიჯვრის გამოსახულებიანია.
,,დუმელიას” ეკლესია
ნიალის ველზე ნასოფლარ აგარის სამხრეთით 1 კმ-ზე ნასოფლარ დუმელიაში დგას VIII საუკუნის ეკლესია.
იგი მცირე დარბაზულია (9.10X5.80 მ.). ამჟამად რესტავრირებულია. გადახურულია კრამიტით.
გავეთის ეკლესია
გავეთი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნიალის ველზე ნასოფლარ გავეთში
აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. საერთო მხატვრული კონცეფციით, ფასადების ხასიათით, კარ-სარკმელთა დეკორითა და ცალკეული მოტივებით საფარა-ზარზმის ხუროთმოძღვრულ წრეს მიეკუთვნება. გავეთის სამხრეთ ფასადზე აღსანიშნავია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის სრულიად უცხო ფორმა – მუზარადისებრი მოხაზულობის თაღები
ზემო ნიალის ეკლესიები
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზემო ნიალაში არის ორი ეკლესია, აქედან ერთი განეკუთვნება XIV ს. არქიტექტურას, მეორე ეკლესია, ამ ეკლესიის დასავლეთით 1 კმ-ზე მდებარეობს დანგრეულია და თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით.
ქარზამეთის ეკლესია
ქარზამეთი — XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მდებარეობს მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, (საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ზონაში) ზღვის დონიდან 1955 მ. სიმაღლეზე, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრების სწორი რიგებით. გადმოცემით იგი დაუმთავრებლადაა დარჩენილი. ეკლესიის სწორკუთხა სივრცე კედლის სვეტებით აფსიდა უჩვეულოდ ღრმაა. კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. შესასვლელი კარი სამხრეთით და დასავლეთიდან აქვს.
დარნები
დარანი — მიწისქვეშა ნაგებობა, არის „კლდეში, ანუ მიწას ქვეშ შესასვლელი ნაგები სახლი, მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად“ გავრცელებული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. წარმოადგენს ლოდებით ამოყვანილ, ქვის სქელი ფილებით გადახურულ უქვითკირო ნაგებობათა სისტემას, რომელიც შედგება დახლართული გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის საცხოვრისებისგან, სამეურნეო დანიშნულების სათავსებისგან (ქვებით ჩაშენებული საჰაერო სავენტილაციოდ უჩინრად მოწყობილი სისტემით). დარანს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი განშტოება აქვს. ერთი შტო აუცილებლად წყალთან არის დაკავშირებული, დანარჩენები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ათობით კმ-ს აღწევს, — ციხე სიმაგრეებთან, მეზობელ სოფლებთან, სასახლეებთან, მდინარეებთან, ტყესთან ან გზებთანაა შეერთებული. დარანის შესასვლელი მოფარებულ, ძნელად მისადგომ ადგილებშია მოწყობილი (გათლილი მასიური ქვის ჩასაკეტი კარით). საფრთხის დროს დარანში მოსახლეობას საკმაოდ დიდი ხნით შეეძლოთ თავი შეეფარებინათ, მისი საშუალებით შეიძლებოდა ფარულად გადაადგილება, მებრძოლების გადაყვანა, მოულოდნელი თავდასხმა მტერზე, ჩასაფრება, დაზვერვა-თვალთვალი.
დარანები – ისტორიულ მესხეთში, სამცხე-ჯავახეთში ასპინძის მუნიციპალიტეტში კი ყველა დიდ სოფელსა თუ ნასოფლარებში გვხვდება, მიკვლეულია დუმეილისა და ლეპისში, აგრეთვე ზედა თმოგვისა და ვარძიის მახლობლად, ბერთყანაში, გელსუნდაში, ხიზაბავრაში, საროში, თოკში, აწყვიტაში, დადეშში, ერკოტაში, ძველში, ჭობარეთში, ტოლოშში და სხვა….
ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით ნასოფლარ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვის გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ლეპისში დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდა. წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუა სუკუნეებში მტრისაგან თავის დასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.
აწყვიტის დარანი
ერკოტის დარანი
ლეპისის დარანი