სოფელი ხერთვისი

ხერთვისი — სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის თემში[1] მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან 48 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეცხოველეობის, მემინდვრეობის და მებაღეობის მეურნეობა. სოფელში არის ბაზალტის ქვის საბადო, ჰიდროელექტროსადგური, ხერთვისის ციხე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 202 კაცი.[1]

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში[1]. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[2]

ეტიმოლოგია

ხერთვისი ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს. ციხის სახელწოდებაც, რომელიც ხანმეტობის დროიდან მომდინარეობს, ამას აღნიშნავს (ხ-ერთვის).

ისტორია

მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.

1832 წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომელიც ჯერ მარი ბროსემ წაიკითხა და სათანადო ჩასწორების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა 1909 წელს გამოაქვეყნა.

„ სახელითა ღვთისაითა, ოხითა და შეწევნითა წმინდისა მშობელისა ღვთისა, მინდობითა წმიდისა იოანე მახარობელისათა, ვიწყე მეფეთ-მეფისა მოლარეთ უხუცესმა ზაქარია, ძემან ქამქამის შვილისამან, ოფელმან კოშკი და გალავანი ესე ქორონიკონსა მბ და გავათავეთ მდ ღმერთო … გუილხინე, ამინ. “
წარწერის მიხედვით ადგილობრივმა ფეოდალმა, აზნაურმა „მეფეთ მეფის მოლარეთუხუცესმა ზაქარია, ძემან ქამაქმის შვილისამან“ 1354 წელს დაიწყო და 1356 წელს განასრულა კოშკისა და გალავნის აგება (ან აღდგენა).

სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. 1771 წელს ოქტომბერში მეფე ერეკლე II-მ დროებით დაიბრუნა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა ციხე გაათავისუფლეს[3].

არქიტექტურა

ციხის გეგმა კლდოვანი კონცხის მოხაზულობას მისდევს და ბუნებრივადაა მორგებული რელიეფს. იგი ნატებია ნატეხი ქვით. ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით (თავს დაჰყურებს და აკონტროლებს ორ მნიშვნელოვან ხეობას), მის მფლობელ ფეოდალებს აიძულებდა მუდმივად განახლება-მშენებლობა ეწარმოებინათ, ამიტომ ძნელია დღევანდელი ხერთვისი ერთ რომელიმე გარკვეული ეპოქას მივაკუთვნოთ. მისი აგების თავდაპირველი თარიღი უცნობია (ციხე მრავალი სამშენებლო ფენისაგან შედგება, დაწყებული ადრეული ხანიდან XIX საუკუნის ჩათვლით).

ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია. სამხრეთიდან, მტკვრის ხეობის მხარეს, გალავნის მეორე ზღუდეც იყო აგებული (დღეს ამ ზღუდის ნაწილი აღდგენილია). ციტადელი წაგრძელებული კლდის ბუნებრივ გეგმას იმეორებს და მასში რამდენიმე მძლავრი კოშკია ჩაშენებული. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. ხერთვისის ციხე საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.

ხერთვისის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია

ციხის ეკლესია
ხერთვისის ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე მოედანზე, ძველი ეკლესიის ადგილზე, გათლილი ტუფის კვადრებით დარბაზული ეკლესია-სამლოცველოა აგებული (გარე ზომებია 2,7 X 4,3 მ.), რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. საკურთხევლის მოხაზულობა დადაბლებული წრის ნახევარია. აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი, რომელიც ერთი საფეხურით არის ამაღლებული, კლდეშია ამოკვეთილი.

ფასადები სადაა, ყოველგვარი დეკორისა და მორთულობის გარეშე და გარედან კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის ამოყვანილი. აღმოსავლეთის ფასადი კლდეზეა აღმართული და მისი ქვედა ნაწილი კლდეს უკავია, სადაც ძველი ეკლესიის წყობის ფრაგმენტია შემორჩენილი. ეკლესიის ფასადები თაროსებრი, გადანაკეციანი კარნიზითაა დასრულებული. სახურავი კრამიტიტაა შემოსილი.

თავად ხერთვისის ეკლესიის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ცნობაც შემოგვრჩა. დიმიტრი ბაქრაძე ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიის გამოცემის შენიშვნებში, ბაგრატ III-ის დროინდელ ორ წარწერას იმოწმებს:

„ …ორის ძველის ეკლესიის წარწერა, რომელნიც მე მივიღე რამდენისამე თვის წინათ ახალციხიდამ მამა მღვდლის გვარამაძისაგან, და თუ უცდომლად არის გადმოღებულნი, ეკუთვნიან — პირველი ქორინიკონ სე-985 წ. ხერთვისის ციხის ეკლესიას … საუბედუროდ სახელები არ იკითხება, თუმცა ხერთვისის ეკლესიის წარწერა მოიხსენებს მეფეტ მეფეს… “
წარწერა, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, 985 წელს ამ ეკლესიის აგებას ან მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენას ეხებოდა და საუბარი აქ მეფე ბაგრატ III-ზე უნდა ყოფილიყო.