სოფელი აწყვიტა

აწყვიტა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 2 კილომეტრით.

ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით, როდესაც თამარ მეფე ბასიანისკენ მიუძღოდა ლაშქარს, დაღლილებმა ერთი ბანაკი დასცეს დასასვენებლად. ის იყო, პურობა დამთავრდა, რომ თამარის დაბმულმა ცხენმა აიწყვიტა და დაიჭიხვინა. მეფეს გაუხარდა — ეს კარგი ნიშანია, გამარჯვების მომასწავლებელიაო. ბასიანის ომის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ ამ ადგილისათვის აწყვიტა დაურქმევიათ.