ფლორა

ასპინძის რაიონი გამოირჩევა ფლორის მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით რამოდენიმე ამიერკავკასიურ ენდემსაც. რაიონის მთის ტყის ქვედა ზონაში მუხისა და რცხილის ტყეებია, რომელთაც ზემოთ მთის ფიჭვნარი ცვლის. მთის ტყის ზედა ნაწილში წიფლის ტყეებია. თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე არის წიფლნარ–მუქწიწვიანი ტყეებიც, მტკვრის გაყოლებით, ხეობის დაბალ ზონაში გავრცელებულია სტეპის ბალახეულობა, კლდეთა ქსეროფიტები. ქსეროფიტული მცენარეულობა მეორეული წარმოშობისაა და ტყეების გაჩეხვის შედეგადაა განვითარებული. ზღვის დონიდან 1800 მეტრის ზემოთ კი ტყეებს ალპური და სუბალპური მდელოები ცვლის.

რაიონი ცნობილია იშვიათი სამკურალო მცენარეების სახეობებით. მიკვლეულ იქნა 54 სახეობის სამკურნალო მცენარე, მათ შორის 16 მერქნიანი და 38 ბალახოვანი. გვხვდება მცირე ჯგუფებად, გაფანტულად ან ერთეული ეგზემპლარების სახით. რაიონის ტერიტორიაზე მცენარეთა 12 სახეობას – გვირილას, ქრისტესისხლას, თავშავას, მარმიჭს, კრაზანას, ჭინჭარს, ასკილს, პანტას, მრავალძარღვას, ჟოლოს, მარწყვს, პიტნას, კოწახურს, ქაცვს წარმოებაშიც იყენებენ.

ფაუნა

რაიონის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა: ზღარბი, კურდღელი, ციყვი, მელია, მგელი, ტურა. აქვე, იშვიათად, მაგრამ მაინც შევხვდებით ტყის კატას, ფოცხვერს, დათვს, შველს და ირემს. მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე წავი, დედოფალა, მაჩვი და კვერნაც ბინადრობენ.

ფრინველებიდან გავრცელებულია ტყის ქათამი, როჭო, კრავიჭამია ორბი, ყვავი, გარეული მტრედი, მწყერი, გვრიტი, კავკასიური როჭო, ზოგან სვავი და რქოსანი ტოროლაც.

რაიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე აქ ბინადრობს რამოდენიმე სახის ქვეწარმავალი: წყლის ანკარა, კავკასიური ჯოჯო, გველხოკერა. ამფიბიებიდან ძირითადად ბაყაყების ნაირსახეობებს ვხვდებით. მდინარეები და ტბები მდიდარია ისეთი თევზებით როგორიცაა – წვერა, კალმახი და ხრამული.