„შოთაობა-2026“ სოფელ რუსთავში

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა სერგი მუშკუდიანმა და ვახტანგ მერაბიშვილმა, სოფელ რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და საზოგადოებას სახალხო დღესასწაული მიულოცეს.

„შოთაობა 2026“-ის ფარგლებში „საპატიო ასპინძელის“ წოდება მიენიჭათ სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს ბესიკ ამირანაშვილს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ასპინძის დაბის მაჟორიტარ დეპუტატს, ექიმ დავით ფართლაძესა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, ამჟამად ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელს, ნოდარ კოსტანიანს.

ღონისძიებაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მუნიციპალიტეტში 2026 წელს დაქორწინებულ წყვილებს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

სახალხო დღესასწაულზე გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მწერალთა კავშირის წევრებმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებმა შოთა რუსთაველის შემოქმედებას საკუთარი ლექსებითა და პოეტური ნამუშევრებით მიაგეს პატივი.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვართა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გაცნობოდნენ ეთნოგრაფიულ კუთხეს, ადგილობრივ სამზარეულოსა და მესხურ ტრადიციებს.

პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში. გამარჯვებულები მერიის მიერ დაწესებული სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „წუნდა“, ა(ა)იპ ასპინძის ვალერიან მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მომღერალ ქალთა გუნდი, ქორეოგრაფიული ანსამბლები „სამცხე“ და „ვარძია“ და მოწვეული ანსამბლი „შავნაბადა“.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

წელს „შოთაობის“ დაარსებიდან 60 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღმა წლევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ მრავალწლიანი ტრადიციის მნიშვნელობა ასპინძის კულტურულ ცხოვრებაში.

#შოთაობა2026

#60წელიშოთაობას